16-04-2018
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში აჭარიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდნენ და საცხოვრებელი ფართის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცეს. სახლი 94 ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდა.
როგორც knews.ge-ს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში განუცხადეს, მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში, მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, აჭარიდან ჩასახლებულ ოჯახებსაც შეხვდნენ.
განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის თქმით, ჰერეთისკარში მცხოვრებმა აჭარელმა ეკომიგრანტებმა თავად დააარსეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰერეთი“, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით, სოფლის განვითარების ხელშესაწყობად პროექტებს ახორციელებს. სოზარ სუბარის ინფორმაციით, მხოლოდ 2017 წელს, ჰერეთისკარში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ძირითადად სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად და განსავითარებლად, მცირე გრანტები 40 ოჯახზე გაიცა.