28-08-2021
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს ინტენსიურად განაგრძობს. იგი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ირაკლი შენგელიასთან და პარტიის სხვა წევრებთან ერთად გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
იოსებ ხახალეიშვილმა ადგილობრივებს ახალი სავაჭრო ცენტრის -" კარფურის" გახსნა მიულოცა და ქუთაისში ახალი სამკერვალო ფაბრიკის მშენებლობა დაანონსა, რომელიც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყოფს.
მერობის კანდიდატმა მოსახლეობას განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებთან ერთად, სკვერების მშენებლობის პროექტი წარუდგინა, რომელზეც ტენდერი უკვე გამოცხადებულია და მშენებლობა უახლოეს ხანში დაიწყება. მან ასევე ყურადღება გაამახვილა პროგრამებზე სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელსაც მერია აფინანსებს.
იოსებ ხახალეიშვილის თქმით, მის გუნდს კარგად ესმის ყველა ის პრობლემა, რომელიც ქუთაისსა და ქუთაისელებს აწუხებს და რომელთა მოგვარებაზე, მისი მერად არჩევის შემთხვევაში, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" ერთად იზრუნებს.
„თქვენი ჩართულობა, თქვენი პოზიცია გადამწყვეტია, რადგან თითოეული ჩვენგანის ვალია, საკუთარი წვლილი შევიტანოთ ქალაქის წინსვლაში. ქუთაისი უნდა ვაქციოთ განათლების მნიშვნელოვან კერად, ეკონომიკურად ძლიერ და ტურისტებისთვის მიმზიდველ ქალაქად, ქუთაისი არის ტრადიციებისა და ინოვაციების ქალაქი", -განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.