16-04-2018
გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, «The Independent»-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის ავტორი, ბრიტანელი მოგზაური და ფოტოკორესპონდენტი ნიკ რედმეინი გაზეთის მკითხველებს გასული წლის ზაფხულში სვანეთში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს უყვება.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ პუბლიკაციის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით.
„მესტიაში არსებულ საოჯახო სასტუმროში „მერი“ ჩემი ყურადღება დიდმა ძაღლმა მიიპყრო ორი ლეკვით. „ხედავ? მათ ყურები დაჭრილი აქვთ, კუდიც“, - მეუბნება ალექსი ჩიქოვანი, ჩემი 32 წლის გიდი, - „ეს მათ მგლებთან ბრძოლაში უპირატესობას ანიჭებთ“.
კავკასიის ხუთი ათასმეტრიანი მწვერვალები მშვენიერ ფონს ქმნიან სვანური სოფლების თავდაცვით კოშკებთან ერთად, რომლებიც მეცხე საუკუნით თარიღდებიან. ალექსანდრე ხუდიანთან - ადგილობრივ ბრგე 25 წლის სამთო გიდთან ერთად, ჩვენ სოფელ ლახირში მივდივართ, რომელიც უშგულისაკენ სამდღიანი ლაშქრობის პირველ პუნქტს წარმოადგენს. როგორც ცნობილია, უშგული ევროპის ყველაზე მაღალმთიან, მუდმივ მოსახლეობის მქონე სოფლად ითვლება.
ალექსანდრემ ბოთლი წყაროს წყლით გაავსო და აღმასვლა გავაგრძელეთ. იგი ძალიან სიტყვაძუნწი აღმოჩნდა („ტიპიური სვანია“, - დამაშვიდა ალექსმა). გზა ტყეში შევიდა და თითქმის ციცაბო აღმართი დაიწყო. ალექსანდრე ისეთი სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა, რომ ჩვენ უკან ჩამოვრჩით.
მესტიისაკენ მიმავალი მთავარი გზა შეკეთებულია, აქედან თბილისში ავტობუსიც კი დადის, მგზავრობას 8 საათი ჭირდება. ბოლო დროს სვანეთში ტურისტული რენესანსი შეინიშნება.
ტყის ნაპირას ალექსანდრე სიგარეტს ეწევა და ჩვენ გველოდება. წინ თვალწარმტაცი მდელო ჩანს ველური ორქიდეებით, ხალიჩის მსგავსი ათასფერი ყვავილებით, ფარფატა პეპლებით და ჩიტების ტკბილი მელოდიური გალობით. ჩვენი გზა თანდათან ქვიანი გახდა და მთის მდინარესთან მიგვიყვანა. ფონი მოვძებნეთ და გადავედით. რუსული სამხედრო ავტომანქანის კვალს გავყევით და სოფელს მივუახლოვდით. მალე ხის აივნიანი სახლებიც გამოჩნდა: ჩვენ უკვე ლახირში ვართ. (...)
ვემზადებით ადიშში წასასვლელად, უშგულისაკენ მომდევნო სოფელში. მიგვაქვს მხოლოდ აუცილებელი ნივთები. „ახლა ჩვენ ღრუბლებთან მივდივართ“, - გამოაცხადა ალექსმა. თითქოს მისი ხმა გაიგესო, ღრუბლები გაიფანტნენ და უშბის თეთრად მბრწყინავი მწვერვალი გამოაჩინეს (4710 მეტრი ზღვის დონიდან). ნელა, მაგრამ მტკიცედ მივდივართ. 2700 მეტრის სიმაღლეზე შევისვენეთ და ვისადილეთ. ქვემოთ, ფერდობზე გადავარდნილი ძველი საბჭოთა ავტობუსის ჩონჩხი ჩანს, რომელსაც როდოდენდრონები შემოხვევია.
ადიშში გვიან საღამოს მივედით. სოფელში ვიწრო ქუჩებია. შენობები შესაკეთებელი, კედლებდაბზარული. ზოგიერთი სვანური კოშკი გარემონტებულია, თუმცა თანამედროვე მასალები ვერასოდეს ვერ იქნება ძველებური ქვისა და ხის იდეალური შემცვლელი.
ადგილობრივ სასტუმროში სანამ ჩვენ ხაჭაპურსა და ლუდს მივირთმევდით, ცივი წყაროს წყლით საზამთრო ცივდებოდა. ალექსმა გაყუჩებულ ალექსანდრეს გადახედა და მითხრა - „იგი ხვალინდელ დღეზე ფიქრობს“.
დილით, სხვა უცხოელ ტურისტებთან ერთად, პატარა ქარავანი შევქმენით, ცხენებთან ერთად. კავკასიონმა თავისი თეთრი ბრწყინვალებით ლამის დაგვაბრმავა: უშბა, თეთნულდი, შხარა (საქართველოს ყველაზე მაღალი მთა 5068 მეტრით). ქვემოთ ყვავილებიანი მდელო, ზემოთ კი თოვლი და უძირო ლურჯი ზეცა... მალე მღვრიეწყლიან მდინარეს მივადექით. „ორი დღის წინ აქ ვერ გადავიდოდითო“, - ამბობს ალექსი. მდინარე ადიშის მყინვარიდან გამოედინება.
ალექსანდრე კვლავ დაწინაურდა და მას მხოლოდ ჩხუტნერის უღელტეხილთან (2620 მეტრი) დავეწიეთ. როგორც ყოველთვის, დინჯად გველოდებოდა. ორი საათის შემდეგ სოფელ ხალდეს მივაღწიეთ. ოჯახურ სასტუმროში ყოფნისას ალექსი ერთ ისტორიულ ამბავს მოგვიყვა: „აქაური მოსახლეობა მეფის რუსეთის ხელისუფლებას აუჯანყდა, მე-19 საუკუნეში. რუსებმა ყველა სახლი დაანგრიეს, მცხოვრებლები კი საპყრობილეში ჩასვეს“. ზოგიერთ მიტოვებულ შენობაზე საბჭოური სიმბოლიკაა შემორჩენილი - ჩაქუჩ-ნამგალი ან წითელი ვარსკვლავი.
ჟიბიანი - მესამე სოფელი ოთხიდან, უშგულამდე - სვანეთის ფორპოსტამდე. ჟიბიანში ტურისტული ინდუსტრია ვითარდება: აქ ბევრი მცირე სასტუმროა, ხორციელდება ახალი სამშენებლო პროექტები. თუმცა ეს ყოველთვის არ არის კარგი. „ვშიშობ, რომ ამ ყველაფრის რეგულირება უკვე გვიანია... მართალია, ჟიბიანი ტურიზმით ცოცხლობს, მაგრამ ასეთი მშენებლობები სოფელს ამახინჯებს, მომავალზე არ ფიქრობენ“, - ამბობს ალექსი.
სვანეთში პირველყოფილი ბუნებაა, განსაცვიფრებელი პეიზაჟი, ტურისტული ბილიკები და უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ კეთილდღეობისაკენ სწრაფვის ფასი ძალიან მაღალი არ იქნება და ბევრი რამ შენარჩუნდება.