გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ლევან დავითაშვილი: სტიქიის პირობებში, განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს როგორც საკოორდინაციო შტაბი, თითოეული ჩვენი თანამშრომელი და მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, რომ ყურძნის ჩაბარების პროცესში შეფერხება არ მოხდეს

30-08-2021

 „26 აგვისტოს, კახეთის რეგიონში, იყო მნიშვნელოვანი სტიქია, რომელმაც გაანადგურა სასოფლო-სამეურნეო ნარგაობები, შესაბამისად, სახელმწიფომ მყისიერად მოახდინა რეაგირება. პირველივე დღიდან, საკოორდინაციო შტაბმა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, დაიწყო ზარალის შეფასება.


დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით, 5000 ჰა არის დაზიანებული კახეთის რეგიონში. ძირითადად, ეს არის თელავის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები, სადაც დაზიანება არის 100%-მდე, თუმცა არის რაიონები, სადაც ზარალი 30-50%-მდეა. მოხდა დეტალური შეფასება. 5000 ჰა-დან, ძირითადად დაზიანებულია ვენახის ფართობები.  ეს არის როგორც საფერავის, ისე რქაწითელის ვენახები,  შესაბამისად, სტიქია მეტწილად მევენახე ფერმერებს შეეხო. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, მომხდარიყო მყისიერი კომუნიკაცია ფერმერებთან, რათა მათ მიერ მოწეული მოსავალი, სეტყვისგან სხვადასხვა ხარისხის დაზიანების მიუხედავად, სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ რამდენიმე ქარხანაში ჩააბარონ.


რთველის განმავლობაში, სახელმწიფო საწარმო შპს ,,მოსავლის მართვის კომპანია“ წარმოდგენილია კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში. მას დაქირავებული აქვს  არაერთი ღვინის ქარხანა იმისთვის, რომ ჭარბი მოსავლის დაბინავება შეუფერხებლად მოახერხონ ჩვენმა მევენახე ფერმერებმა და ეს  ასეც ხდება. სტიქიის პირობებშიც, განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს როგორც საკოორდინაციო შტაბი, ისე თითოეული ჩვენი თანამშრომელი და მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი იმისთვის, რომ ყურძნის ჩაბარების პროცესში არანაირი შეფერხება არ მოხდეს. სამწუხაროდ, ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ, გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომ მოსავლის დაბინავებას პრობლემა აქვს კახეთში. თუმცა, ეს არ გვიკვირს, რადგან წლების განმავლობაში, რთველი მიდის ორგანიზებულად, არცერთი კილოგრამი ყურძნის ჩაბარებას პრობლემა არ ჰქონია 2012 წლიდან დღემდე. არ ჩატარებულა არცერთი რთველი ისე, რომ ცრუ ინფორმაცია არ გავრცელებულიყო და პოლიტიზირებული არ გამხდარიყო რთველის მიმდინარეობის პროცესი. ზოგიერთი პოლიტიკური ძალა რთველს, მევენახეების მთელი წლის შრომის შედეგს, იყენებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და ხშირად, ცდილობენ ამაზე ააგონ თავიანთი დღის წესრიგი.

ამის მიუხედავად, ჩვენ ვაკეთებთ იმას რაც გასაკეთებელია. ვდგავართ ჩვენი ფერმერების და მევენახეების  გვერდში. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით და დავალებით, პირადად ვიმყოფებოდი რეგიონში. მხარის ხელმძღვანელებთან ერთად, ვიყავი  მევენახე ფერმერებთან, ვისაც უშუალოდ შეეხო სტიქია და დაზარალდა. ჩვენ ვისაუბრეთ მაქსიმუმი რა შეიძლება გაკეთებულიყო  და შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ მოლოდინები, რაც ჩვენს ფერმერებს ჰქონდათ, სრულად არის გამართლებული. კერძოდ, სახელმწიფო რქაწითელის ჯიშის დაზიანებულ ყურძენს, თეთრი იქნება თუ მწვანე, 80 თეთრად იბარებს. ხოლო, 1 ლარად ხდება  საფერავის ჯიშის დაზიანებული ყურძნის ჩაბარება ყველა იმ ლოკაციაზე, რომელიც არის გახსნილი სტიქიის რეგიონში. შესაბამისად, მოსახლეობას არ უწევს შორ მანძილზე მოწეული პროდუქცის გადატანა.  დაბინავება ხდება ოპერატიულად. გვესმის, რომ როდესაც არის დაზიანების სხვადასხვა ხარისხი, მალფუჭებადი პროდუქცია კიდევ უფრო სათუთია და მას სჭირდება ოპერატიულად დაბინავება. ამისთვის, სახელმწიფოს ყველაფერი აქვს გაკეთებული. ყველაფერი არის ორგანიზებული.


რაც შეეხება, იმ მევენახე ფერმერებს, რომელთაც სრულად  დაუზიანდათ ვენახები, ჩვენ ვახდენთ 3000 ლარის ანაზღაურებას. ფაქტობრივად, ეს არის ის თანხა, რაც მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ მოიწიონ მოსავალი. სამწუხაროდ, სტიქიამ რთველის პერიოდში მოგვისწრო. აქედან გამომდინარე, სრულად მოხდება ზარალის ანაზღაურება, რაც მათ საშუალებას მისცემს კვლავ გააგრძელონ წარმოება, ვენახების მოვლა და თავიანთი საქმიანობა მომავალში.


ამავე დროს, ჩვენ შევთანხმდით, რომ იმ სხვა მრავალწლიან კულტურებში, სადაც გვაქვს დიდი ზიანი,  საჭიროა სრულად ჩანაცვლდეს ან განახლდეს ბაღები, ეს სურვილისამებრ შეუძლიათ გადაწყვიტონ ფერმერებმა. ეს კომპონენტი, პროექტის  „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, შარშანწინ ავამოქმედეთ დროებით. წელს, მას განვაახლებთ, სადაც მოხდება ნერგის ღირებულების სრული ანაზღაურება და ასევე, ბაღის მოწყობისთვის, წვეთოვანი სისტემის დაყენების შემთხვევაში, თანადაფინანსება, რაც მებაღეებს, მათ შორის მევენახეებს, საშუალებას მისცემს ხელახლა აღადგინონ თავიანთი ბაღები.


უნდა აღინიშნოს, რომ სადაზღვეო კომპანიები რეგიონში ოპერატიულად მუშაობენ. ჩვენ ვართ მუდმივ კონტაქტზე იმ სადაზღვეო კომპანიებთან, რომლებსაც განხორციელებული ჰქონდათ დაზღვევა კახეთის რეგიონში. კიდევ ერთხელ ვიყენებ შესაძლებლობას და მივმართავ მოსახლეობას, რომ მომავალ წლებში, აუცილებლად გამოიყენონ დაზღვევის ის პროდუქტი, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს.  აგროდაზღვევის პროგრამაში, სადაზღვეო პრემიის, ანუ სადაზღვეო შენატანის თანხის ნახევარს, ვენახების შემთხვევაში, სახელმწიფო იხდის. შესაბამისად, ეს არის მნიშვნელოვნად გაიაფებული სერვისი.  ჩვენ გვქონდა შეხვედრები ფერმერებთან და ყველა აღიარებდა, რომ სამწუხაროდ, მათ წელს არ გამოიყენეს დაზღვევა. მიუხედავად იმისა, რომ დაზღვევის პროცენტი მზარდია, შემიძლია გითხრათ, რომ დაზიანებული ფართობიდან, დაახლოებით 1200 ჰექტრამდე ფართობია დაზღვეული.  დაზღვეული მევენახეები  სრულ ანაზღაურებას მიიღებენ. რა თქმა უნდა, ისინი უპირატეს მდგომარეობაში არიან. გვესმის, რომ ესეც მაგალითია, რომ დაზღვევა აუცილებელი საჭიროებაა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისას, რათა მსგავსი პრობლემები, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ,  მომავალში ავირიდოთ თავიდან“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.