გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

USAID-მა სურსათის ეროვნულ სააგენტოს, მცენარეთა მავნებლების მონიტორინგის მიზნით, ფერომონები გადასცა

1-09-2021

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი USAID-ისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი პროექტის „მცენარეთა დაცვის სისტემის ინიციატივა"  მიმდინარეობას გაეცნო.

პიტერ ვიბლერმა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროს ზურაბ ჩეკურაშვილთან ერთად,  აბაშის მუნიციპალიტეტში, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში მობილიზებული სპეციალიზებული ტექნიკა დაათვალიერა. სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა, დასავლეთ საქართველოში სპეციალურად შერჩეულ საექსპორტო სასოფლო-სამეურნეო კულტურებში, საკარანტინო მავნე ორგანიზმების გამოვლენის მიზნით მიმდინარე კვლევების შესახებ წარმოადგინეს ინფორმაცია.

პროექტი „მცენარეთა დაცვის სისტემის ინიციატივა" 2021 წლიდან მიმდინარეობს და მისი მიზანია, სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიული შესაძლებლობების გაძლიერება, დიაგნოსტიკა და მავნებლებისგან გამოწვეული რისკების ანალიზი.

პროექტის ფარგლებში, მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესების მიზნით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID)  სურსათის ეროვნულ სააგენტოს 5 ათასი  ფერომონი გადასცა.

„საკმაოდ შთამბეჭდავია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დახმარება ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით და ახალი პროექტი არის მორიგი მხარდაჭერა მცენარეთა დაცვის მიმართულებით. სრულყოფილი მონიტორინგი და ფიტოსანიტარიული  შესაძლებლობების გაძლიერება დაგვეხმარება დროულად გამოვავლინოთ მავნებლები  სასოფლო-სამეურნეო კულტურებში და განვახორციელოთ პრევენციული ღონისძიებები."- განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები აბაშაში ჩვენს პარტნიორებთან ერთად და, ფაქტობრივად, აღვნიშნავთ USAID-ისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლობის ახალ ეტაპს, რომლის მთავარი მიზანია, არა მხოლოდ დაიცვას და გააუმჯობესოს ქართული სასურსათო პროდუქციის ხარისხი, არამედ გაზარდოს ეკონომიკა და გახსნას ახალი ბაზრები ქართული წარმოებისთვის.  ეს არის შესანიშნავი თანამშრომლობა, რომელმაც უკვე გამოიღო ძალიან კარგი შედეგები მათ შორის აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ფარგლებში და ვიცი, კიდევ უფრო დიდი მიღწევები გვექნება მომავალში"-განაცხადა პიტერ ვიბლერმა

პიტერ ვიბლერი და  ზურაბ ჩეკურაშვილი სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოში ფერმერებს ესტუმრნენ და დამონტაჟებული  ფერომონიანი დამჭერები  დაათვალიერეს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოში კვლევები ხუთი სახეობის  საკარანტინო მავნებლის გამოსავლენად მიმდინარეობს, რისთვისაც სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურაში სპეციალური ფერომონიანი დამჭერებია განთავსებული.