გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სასამართლომ ბათუმის მერია უკანონობაში ამხილა

23-11-2017

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის მერია უკანონობაში ამხილა. მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ გააუქმა ბათუმის ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვის ხელმოწერილი აქტი, რომლის მიხედვითაც მან კონკრეტულ მოქალაქეს მიწის ნაკვეთის დოკუმენტაციის დადასტურებაზე უარი უთხრა.

მოქალაქე ეთერ გიგინეიშვილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას ითხოვს. მიწა მას მეჯინისწყლის სარეფორმო ფონდიდან გადასცეს 1995 წელს. ეთერ გიგინეიშვილს ყოფილი მეურნეობის რწმუნებულთა კრების ოქმი აქვს, რომელიც 2016 წლამდე არ ითვლებოდა მიწის საკუთრების მართლზომიერების დამადასტურებელ დოკუმენტად.

„2016 წელს მიწის სარეგისტრაციო რეფორმის შემდეგ ეს დოკუმენტი ითვლება მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტად, მაგრამ რწმუნებულთა კრების ოქმის ნამდვილობის დადასტურება დაევალა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს,“ – განმარტავს ნინო სიორიძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი. ეს ორგანიზაცია სასამართლოში ეთერ გიგინეიშვილის ინტერესებს იცავს.

მოქალაქემ 2016 წელს ბათუმის მერიას მიმართა, თუმცა მერიამ საკითხის განხილვაზე უარი თქვა იმ მოტივით, რომ ეს მისი კომპეტენცია არ იყო. მერიის წინააღმდეგ მოქალაქემ სასამართლოს მიმართა იმის გასარკვევად, არის თუ არა მერიის კომპეტენცია რწმუნებულთა კრების ოქმის ნამდვილობის დადასტურება.

„დავის საგანი იყო მერიის კომპეტენციის დადგენა. მერიას უნდა დაედასტურებინა ოქმის ნამდვილობა, ან უარი უნდა ეთქვა კონკრეტული დასაბუთებით. მერიას უნდა დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება და შეესწავლა საკითხი, რაც არ გააკეთა,“ – ამბობს ნინო სიორიძე.

თუკი ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბათუმის მერია არ გაასაჩივრებს, ამჯერად ახალ მერს ლაშა კომახიძეს მოუწევს ეთერ გიგინეიშვილის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება.


წყარო: გაზეთი "ბათუმელები"