2-09-2021
2 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებზე ხმის დათვლის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო პროცესში უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ჩაერთვებიან. აღნიშნულთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გააფორმა.
მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტები იღებენ ვალდებულებას, რომ არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღების შედეგად არსებული ვიდეოჩანაწერების ინტერნეტ სივრცეში განთავსების უზრუნველყოფის მიზნით, ცესკოს მიაწოდებენ შესაბამისი კვალიფიკაციის სტუდენტების/კურსდამთავრებულების შესახებ ინფორმაციას. ამასთან დაგეგმილი ღონისძიებების წარმატებით განხორციელებისათვის მხარეები ერთობლივი ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზების მიმართულებითაც ითანამშრომლებენ.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დღეს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია ცესკოში გაიმართა. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ განაცხადა აღნიშნული ინიციატივის შედეგად ერთის მხრივ, სტუდენტები ჩაერთვებიან და გარკვეულ წვლილს შეიტანენ საარჩევნო პროცესში და მეორეს მხრივ ახალგაზრდა თაობას მიეცემა შესაძლებლობა, რომ ანაზღაურებადი სტაჟირების ფარგლებში მიიღოს სამუშაო გამოცდილება. „ჩვენთვის მსგავსი ტიპის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი გვაქვს სტუდენტები დაინტერესდებიან ამ შესაძლებლობით, მნიშვნელოვანია მომავალშიც გაგრძელდეს მსგავსი ტიპის პროექტები და ახალგაზრდა თაობის, შესაბამისი ცოდნისა და კომპეტენციის მქონე ადამიანების წახალისება,“ - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა მემორანდუმების გაფორმების შემდგომ.
არჩევნების დღეს ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღების საკითხი დღის წესრიგში საარჩევნო რეფორმის განხორციელების შემდგომ დადგა. საქართველოს ორგანულ კანონზე „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დაყრდნობით ცესკომ უკვე მიიღო დადგენილება, რომლითაც 2 ოქტომბრის არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღების წესი განსაზღვრა. გადაღებული ვიდეომასალა ონლაინ პლატფორმაზე განთავსდება. სწორედ ამ პროცესის ტექნიკურად განხორციელებაში იქნებიან ჩართული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.