2-09-2021
მოსახლეობისთვის ნომერ პირველი პრობლემა და გამოწვევა არის უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირე; ამას ჩვენ დავამარცხებთ, თუ ვიქნებით ერთად შეკრული, გვექნება მკაფიო, პროგრესული ხედვები, გეგმები და ძლიერი გუნდი, როგორც ცენტრალური ასევე ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ჭიათურის მერობის კანდიდატის, გივი მოდებაძის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ყველაფერს სჭირდება განხორციელება, რესურსები, რომლებიც მობილიზებულია.
„ვიცით როგორ დავაფინანსებთ ამ პროგრამებს. აი, თუნდაც ინფრასტრუქტურის მიმართულებით. გზების მშენებლობა, წყალმომარაგების განხორციელება, ყველა ის პროექტი და პროგრამა, რომელიც აუცილებელია ჩვენი მოქალაქეებისთვის. მრცხვენია, სირცხვილია, რომ ჯერ კიდევ ყველა ქალაქში არ არის 24-საათიანი წყალმომარაგება. 4 წელიწადში ყველა ქალაქში იქნება 24-საათიანი წყალი. 3 000 სოფელს არ მიეწოდება ჯერ კიდევ ხარისხიანი სასმელი წყალი, რა თქმა უნდა ძალიან მძიმეა. გზების მშენებლობა იქნება ეს, გაზიფიცირება, ამ სამუშაოებს ჩვენ ინტენსიურად გავაგრძელებთ. ბოლო 8 წლის განმავლობაში, 10 000 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია-აღდგენა მოხდა. 10 000 კილომეტრი გზის, მაშინ როცა სააკაშვილი, გახსოვთ ალბათ, დადიოდა და ერთ გზას რამდენიმე რაკურსით, რამდენიმე მონაკვეთიდან აშუქებდნენ და იღებდნენ, თითქოს ეს იყო ახალი გზა. ასეთ სიცრუეში და პროპაგანდაში, ასეთ სიბნელეში ვცხოვრობდით 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე. დღეს აბსოლუტურად სხვა ვითარებაა. გავიყვანეთ და დავაგეთ გზები იქ, სადაც აბსოლუტურად არ ყოფილა 30 წლის განმავლობაში. მას შემდეგ, რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი, არ აღდგენილა გზები. ჩვენ ამას იმიტომ კი არ ვამბობთ, რომ ეს ვინმეს გვინდა, დავაყვედროთ. ერთ-ერთი მთავარი ხელწერა, რატომაც ჩვენ ამის, შეიძლება ახლა აქტიურად გაშუქებას და კომუნიკაციას არ ვახდენთ, ხელწერა იყო შემდეგი, რომ არ გვინდოდა მოსახლეობის შეწუხება ზედმეტად. ჩვენი ვალია, ეს ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა, თუმცა მეორეს მხრივ ვალდებულება არის ის, რომ შენს მოსახლეობას ანგარიში ჩააბარო. ამიტომ, აუცილებელია ამ ყველაფრის ჩვენებაც, ანგარიშის ჩაბარება და მოსახლეობისთვის ამ ყველაფრის მიტანა, კომუნიკაცია, რასაც ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ ოქტომბრიდან და ყველას ვაჩვენებთ ყველაფერს, რას ვაკეთებთ, რა გავაკეთეთ და რის გაკეთებას ვგეგმავთ", - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ჯანდაცვის და განათლების სფეროში განხორციელებულ პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება.
„ჯანდაცვაზე ასევე, რა თქმა უნდა, მინდა რამდენიმე სიტყვით ვთქვა, მოგეხსენებათ რა ვითარება იყო 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე. ადამიანები სახლებს ყიდდნენ იმისთვის, რომ ემკურნალათ საკუთარი მშობლებისთვის, ოჯახის წევრებისთვის. საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა - პროგრამით, რომელიც შემოვიტანეთ და განვახორციელეთ, ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შევძელით ჩვენ. თუნდაც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რითაც ათასობით ადამიანმა ისარგებლა და მართლაც ათასობით გადარჩენილი სიცოცხლე არის დღეს სახეზე. განთლების მიმართულებით - ჩვენი მთავარი გამოწვევა, რა თქმა უნდა, არის ხარისხიანი განათლება. ხარისხიანი ჯანდაცვა. 170-ზე მეტი ახალი სკოლა ავაშენეთ, 250-ის რეაბილიტაცია მოვახდინეთ თანამედროვე ევროპული სტანდარტების მიხედვით", - აღნიშნა პრემიერმა.