2-09-2021
ჩვენ ხომ ვიცით, რომ 300 000 პრობაციონერი არსებობდა ქვეყანაში სააკაშვილის დროს; 300 000 კაცი იყო გასამართლებული; ციხეები სავსე იყო პატიმრებით, მათ შორის პოლიტიკური პატიმრებით. 30 000 პატიმარი იყო საპატიმროებში და რატი ბრეგაძე იხსენებდა გუშინ, რომ ერთ საკანში 30 და 40 კაცი იყო და ძილის საშუალება არ ეძლეოდა ადამიანს, ეს ხომ წამებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" საჩხერის მერობის კანდიდატის, ლევან ივანაშვილის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, წამება, გაუპატიურება, ტანჯვა იყო მათი ყოველდღიური ხელწერა, ყოველდღიური ცხოვრება.
„რამე სიახლეს ვამბობთ? ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, კარგად გახსოვთ ალბათ, რომ გამოვიძიეთ ცნობილი სამეგრელოს კადრები, სამეგრელოს სკანდალი - კასრების საქმე. საშინელება, სიბინძურე, სისაძაგლე, რაც იმ კადრებში აღმოვაჩინეთ და შემდეგ დავსაჯეთ ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ ტერორში და სადიზმში იღებდა მონაწილეობას. აუპატიურებდნენ ადამიანებს, შემდეგ ვიდეოფირებზე იღებდნენ, ამით აშანტაჟებდნენ და შემდეგ ნებისმიერ დავალებას ასრულებინებდნენ. აი ეს ხალხი არის სააკაშვილი, ქარდავები, ახალაიები, მერაბიშვილი, უგულავა, მელია - ყველა, მთელი გაერთიანება და მეორე მხარეს არის „ქართული ოცნება" და ჩვენი გუნდი. თუნდაც, ბატონი ირაკლი ქარსელაძე, რომელსაც ვიცნობ, 17 წელია. ჩვენ ერთად დავიწყეთ მუშაობა „ქართუ ჯგუფში" და აქ გვესწრება. უწესიერესი ადამიანი, გამოირჩევა თავისი პატიოსნებით, თავისი პროფესიონალიზმით და შეადარეთ სააკაშვილის დროინდელ მის კოლეგებს, რომლებიც 10-ჯერ ხსნიდნენ ერთ გზას, ჩვენ კარგად ვიცით ეს. 68 კილომეტრი გზა დააგო კაცმა, არ ვაჭარბებ არაფერს და ისე წარმოაჩინეს, თითქოს რაღაც სასწაულები ჩაიდინა. ჩვენ 150 კილომეტრი დავაგეთ და 10 000 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია შევძელით ამ ბოლო 8 წლის განმავლობაში. შედარებითია ყველაფერი, ხომ ასეა? შეადარეთ ბატონი ვახტანგ გომელაური ვანო მერაბიშვილს - მკვლელს და ჯალათს, რომელიც პირდაპირ კლავდა, ხოცავდა ადამიანებს, თუ რომელიმე არ დაემორჩილებოდა მის ნებას და მისი ოჯახის წევრების ნებას და სურვილს. კეზერაშვილი, გნებავთ ან ახალაია, სადიზმით და კორუფციით გამორჩეული პირები. ეს ხომ ერთი ხელწერაა. გიგი უგულავა - ცნობილი მძარცველი და კორუფციონერი. ნიკა მელია, ასევე ცნობილი ამ კრიმინალების შემსრულებელი. მაშინ აღსრულების ბიუროს ხელმძღვანელი იყო, მახსოვს ძალიან კარგად, როცა ხელი მოაწერა სწორედ „ქართუს" წინააღმდეგ ბანკის გაკოტრების საქმეს. ასეთი ადამიანები იბრძვიან დღესაც, პოლიტიკაში არიან და ძალადობენ ჩვენს მოსახლეობაზე და აცდნენ მასებს ჯერ კიდევ", - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი შეცდომაშია შეყვანილი.
„ვერ ხვდებიან, ან რაღაც დიდ უბედურებასთან გვაქვს საქმე - ღიად უნდა ითქვას. ეს ტრაგედიაა მეგობრებო, აი ამ ყველაფრის ფონზე, რაც მათ ჩაიდინეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პოლიტიკური ძალა, რომელიც ტერიტორიებს დაგაკარგინებს, ტერიტორიას შენი წინაპრების მიერ მოტანილს, სისხლით, ომით და ჯაფით მოტანილ ტერიტორიებს, ძირძველ ტერიტორიებს დაგაკარგვინებს და ვერ აგარიდებს ისეთ დიდ ტრაგედიას და განსაცდელს როგორიც არის ომი, როგორ შეიძლება, ამ პოლიტიკურ ძალას მიეცეს პოლიტიკური საქმიანობის საშუალება. ნორმალურ სახელმწიფოში, ნორმალურ ქვეყანაში ნული იქნებოდა მათ მიმართ მხარდაჭერა. დღეს კატასტროფაა, რომ ჯერ კიდევ 15-17 პროცენტი მხარს უჭერს თუ 20%-ი. ესეც ხომ ტრაგედიაა, ესეც ხომ კატასტროფაა. ე.ი. მეტი უნდა ვიმუშაოთ, მეტი უნდა ავუხსნათ ამ ადამიანებს, რომ ე.ი. რაღაც დავაკელით, რაღაც კომუნიკაციის ნაკლებობაა და კიდევ უფრო მეტად უნდა ვიაქტიუროთ, რომ ყველა ეს საქმე, რომელიც ჩვენს მიერ განხორციელდა, ჩვენ ვაკეთებთ და გავაკეთებთ მომავალში, კიდევ უფრო მეტად უნდა მივიტანოთ, აქტიურად მივიტანოთ ჩვენს მოქალაქეებამდე. იმ ფონზე, როცა, თუნდაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობდა ზღვარგადასული, ცილისმწამებლური კამპანია. ათასი რაღაც მოვისმინეთ ბოლო წლების განმავლობაში, მას შემდეგ რაც მოვიდა პოლიტიკაში ბატონი ბიძინა. რა არ დააბრალეს და როგორი ბინძური კამპანიები აწარმოეს მათმა ტელევიზიებმა. არაფერი აღარ გვიკვირს ჩვენ, ბუნებრივია, ამიტომაც ახლა საჭირო არის ძალიან ძლიერად გამარჯვება. მაქსიმალური მობილიზება უნდა გავაკეთოთ და ძლიერად გავიმარჯვოთ ყველა ქალაქში. აი ეს უნდა იყოს ჩვენი პასუხი ამ სიბინძურეზე და ამ ცილისწამებაზე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.