17-04-2018
ბათუმში, ანგისის ქუჩაზე ხმაურია. ანგისის ქუჩაზე დიასამიძეების ოჯახში აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც დიასამიძეების გამოსახლებას ცდილობენ. საბანკო დავალიანების მქონე ოჯახი და მეზობლები აღსრულების ბიუროს თანამშრომლებს გამოსახლების საშუალებას არ აძლევენ, რის გამოც მცირე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
დიასამიძეების ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.
„ამ ოჯახებს ერთი თეთრიც არ უსარგებლიათ, თაღლითობის მსხვერპლი გახდნენ და მათი უძრავი ქონების მფლობელი უცხოეთის მოქალაქე გახდა. თუ ხელისუფლება არ აღკვეთს ამ უსამართლობას, მოსახლეობა გეგმავს რამდენიმე წუთით ბათუმი - სარფის ცენტრალური მაგისტრალის მონაკვეთის გადაკეტვას. არა-გამოსახლებას! გამოსახლების პროცედურის დაწყებას, რომ გეგმავდნენ ოჯახის ერთი წევრი შეუძლოდ გახდა, როდესაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, ამ დროს ეზოს კარი გაიღო და აღსრულების ბიუროს წარმომადგენლებმაც დრო იხელთეს და შევიდნენ. ამ დროს ოჯახის წევრებს, მეზობლებსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა”,- განაცხადა უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება.
"ინტერპრესნიუსი"