3-09-2021
ჩვენ ვართ აკაკი წერეთლის, მუხრან მაჭავარიანის, პაოლო იაშვილის მხარე, ჩვენ გვყავს ოლიმპიური ჩემპიონები, რომლითაც ბევრი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის, კულტურისა და სპორტის დიდი მოღვაწეები და ჩვენ გვყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, იშვიათი ადამიანი და ჩვენ გეუბნებით, რომ აუცილებლად დავდებთ იმ შედეგს, რაც დაგვიდია ყოველთვის - განაცხადა საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ „ქართული ოცნების“ საჩხერის მერობის კანდიდატის ლევან ივანაშვილის წარდგენაზე.
მაჟორიტარმა დეპუტატმა 2012 წელი გაიხსენა, როდესაც საჩხერეში საქართველოს მასშტაბით პირველი შეხვედრა გაიმართა.
„პრემიერმა ძალიან სწორად და კარგად ისაუბრა ბატონი ბიძინას დაწყებულ საქმეზე. აქედან 20 მეტრითაა დაშორებული, სადაც პირველი ოფისი და პირველი შეხვედრა იყო საქართველოს მასშტაბით, თქვენ იქ ყველანი ბრძანდებოდით. 2012 წლის ადრიან, გაზაფხულზე, მიუხედავად სუსხიანი დღისა და წვიმისა, ათი ათასობით ადამიანი იდგა და ელოდა პირველ გამოსვლას. დაიწყო და დაიწყო ამის შემდეგ, მთელი საქართველო მოიცვა და გაგრძელდა. დღეს, როდესაც ამდენი სიბინძურე ინთხევა ტელევიზიებიდან, ძალიან დიდი მადლობა მინდა ყველა გამომსვლელს ვუთხრა იმ თბილი სიტყვების და გახსენებისთვის, რაც აქ ითქვა. საჩხერლები ყოველთვის აფასებდნენ არა მარტო იმას, რაც გაკეთდა, არამედ ზუსტად იმ 12 წელს, რაც მოხდა, ამიტომ, საჩხერეში ყოველთვის კარგი შედეგია, საჩხერეში ცხოვრობს მადლიერი ხალხი, რომლებმაც სიკეთის დაფასება იციან“ - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
მისი თქმით, საჩხერე სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით წინ იყო.
„ახლა მუნიციპალიტეტში რომ შედიხარ, პირველი, რასაც გეკითხებიან, გაზი როდის იქნება, ძალიან კარგად მიდის მუშაობა და ეს საკითხიც დასრულდება გარკვეული წლების შემდეგ, მაგრამ ბატონმა ბიძინამ ეს 20 წლის წინ დაამთავრა საჩხერეში. რაც შეეხება წყალს, ჩვენ წინ ვიყავით, იმიტომ რომ კანალიზაცია, წყალი, ეს ყველაფერი ქალაქში გაკეთებული იყო და ჩვენ შევძელით, რომ სოფლებში გავსულიყავით. ორი დიდი სოფელია საჩხერეში დარჩენილი წყალზე - კორბოული და ჯალაურთა, რომლებიც აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. დანარჩენი პრაქტიკულად მოგვარებულია, სოფლებში მიყვანილია გზები. ჩვენ წინ ვართ ხოლმე ბევრ რამეში. ახლა ვიწყებთ ქალაქის ტიპის მჭიდროდ დასახლებული სოფლებისთვის კანალიზაციის გაკეთებას. არ შევეხები ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ბატონმა ბიძინამ რაც გააკეთა, მის შემდეგაც უამრავი გაკეთდა და კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ, მათ შორის კულტურულ ძეგლებსაც, „მოდინახეს“ დანგრეულ ციხესიმაგრეს ბატონი ბიძინა აკეთებს, ჯრუჭის მონასტერს მუნიციპალიტეტი აკეთებს და ა.შ.“ - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
მისივე თქმით, წარმატების მთავარი წყარო ერთიანობაა და სადაც დაძაბულობაა, იქ არაფერი გამოდის.
„საჩხერეში ასეთი რამ არ არის, ჩვენ ერთი გუნდი ვართ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბენიამინ ფალავანდიშვილს, რომელიც 4 წელიწადი მუშაობდა, ერთად ვმუშაობდით და დღე და ღამე გასწორებული იყო, იმდენი ობიექტი იყო გასაკეთებელი. მინდა წარმატება ვუსურვო ბატონ ლევანს, რომელმაც ძალიან კარგად იცის საჩხერე და უყვართ საჩხერლებს, ყველა იცის და ყველას იცნობს. ლევანს არ დასჭირდება საკითხის შესწავლა, მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარეა, ამიტომ ზეპირად იცის, რომელ სოფელს, უბანს და მოსახლეს რა სჭირდება“ - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.