გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გიორგი ცუცქირიძე: საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში, რაც ბოლო 15 წელიწადში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ეკონომიკური აქტივობის მართლა შთამბეჭდავი ზრდით იყო განპირობებული

3-09-2021

“საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში, რაც პირველ შვიდ თვეში საშუალო წლიურ სარეკორდო 12.2 პროცენტიან მაჩვენებელშია ასახული და ბოლო 15 წელიწადში ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ეკონომიკის მოსალოდნელზე მაღალი გაჯანსაღება ბიზნეს სექტორში პირველ და მეორე კვარტალში, ეკონომიკური აქტივობის მართლა შთამბეჭდავი ზრდით იყო განპირობებული,” – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე საქართველოს ბიზნეს სექტორის ბრუნვის მაჩვენებლებს, რომელიც 2021 წლის მეორე კვარტლის პერიოდს მოიცავს. სტატისტიკის თანახმად, 2021 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 56.7%-ით გაიზარდა და 35.0 მლრდ. ლარი შეადგინა.


ექსპერტის განცხადებით, ნიშანდობლივია, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მსხვილი საწარმოების გამოშვებასთან ერთად, რაც გაიზარდა 50.4 პროცენტით, არანაკლებ მზარდი იყო მცირე და საშუალო საწარმოების გამოშვების ზრდაც - 37.9 პროცენტი, მათ შორის, საშუალო ზომის საწარმოების გამოშვება გაიზარდა 51.6%-ით, ხოლო მცირე საწარმოების 26.5%-ით.


„სწორედ, მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა მზარდმა აქტივობამ შეუწყო ხელი დასაქმების მაჩვენებლის ზრდასაც. 2021 წლის მარტო მეორე კვარტალში, ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა 4.4%-ით (27.9 ათასით) გაიზარდა და 659.7 ათასი შეადგინა. სულ, 2021 წლის ორ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა 32.2%-ით გაიზარდა და 63.9 მლრდ. ლარს გაუტოლდა, ხოლო ბიზნეს სექტორის გამოშვება 20.5%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს და 23.4 მლრდ. ლარს შეადგენს,“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.


ამავე დროს, როგორც ექსპერტი აცხადებს, დღეს ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ მაღალი ინფლაცია რჩება. 2021 წლის აგვისტოში წლიური ინფლაციის დონემ 12.8 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის მაღალ მაჩვენებელზე გავლენა მოახდინა გლობალურად სასაქონლო ბაზრებზე, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო ბაზრებზე, ასევე ნავთობის ფასების მნიშვნელოვანმა ზრდამ და ერთობლივი მოთხოვნის გაუმჯობესებამ. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად მოიმატა საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯებმა, რაც, ასევე, იმპორტირებული პროდუქციის ფასებზე ახდენს გავლენას.


„ინფლაციის მაღალი დონე გარდა ობიექტური ეგზოგენური ფაქტორებისა, განსაკუთრებით თურქული ინფლაციის (რეგიონში ყველაზე მაღალია 19 %) იმპორტისა, რომელიც ჩვენი წამყვანი სავაჭრო პარტნიორია ქვეყანაა, ეკონომიკის მეტი თვითკმარობის საკითხს აყენებს დღის წესრიგში. ამიტომ, სწორედ ამ კუთხით უნდა შეფასდეს მთავრობის ახალი, ადგილობრივი წარმოების მხარდამჭერი უნიკალური პროგრამა, რაც კერძო სექტორთან ერთად ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით უახლოეს სამ წელიწადში 2 მილიარდ ნახევარს დახარჯავს, დაფინანსდება 1300-ზე მეტი საწარმო,“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ. მისი თქმით, უკვე მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან პროგრამის „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში ახალი კომპონენტები შედის ძალაში, მათ შორის 10 წლამდე საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმების აქტიური ჩართულობით, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული წარმოების გაძლიერებას, არა მხოლოდ ექსპორტის გაფართოების, არამედ იმპორტის ეტაპობრივი ჩანაცვლებითაც, რაც გარდა საგარეო მოწყვლადობის და ინფლაციის იმპორტის შემცირებისა, სავარაუდოდ ასი ათასამდე, ახალი სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყობს ხელს.