გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

უმარ იდიგოვი - სპეცოპერაციისას ბინაში 5 ადამიანი იყო, მათ შორის 2 პატარა ბავშვი

23-11-2017

კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის ხელმძღვანელის უმარ იდიგოვის განცხადებით, ოჯახი, რომლის წინააღმდეგაც თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაცია ჩატარდა, ჩეჩნეთიდან საქართველოში სამკურნალოდ იყო ჩამოსული. იდიგოვი აცხადებს, რომ ის სპეცოპერაციის ადგილზე, დილით დაახლოებით 5 საათიდან იმყოფებოდა და მისთვის ცნობილია, რომ ბინაში, რომელიც სპეცოპერაციის სამიზნე იყო, 2 მამაკაცი, 1 ქალი და 2 მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა.

"დილით ადრე დამიკავშირდნენ. მე ჩეჩენი ვარ. ჩემმა მეგობრებმა დახმარება მთხოვეს. მივედით სპეცოპერაციის ადგილზე. იქ სპეცრაზმი, დიდი რაოდენობით ძალოვნები დაგვხვდნენ. ჩეჩნებმა მითხრეს, რომ ბინაში 2 პატარა ბავშვი, 1 ქალი და 2 მამაკაცი იყვნენ. ისინი ჩეჩნეთიდან ერთი თვის წინ ჩამოვიდნენ და აქ სამკურნალოდ იმყოფებოდნენ. ბინა პანკისელი ბიჭისგან ჰქონდათ ნაქირავები. მეზობლებისგან გავიგე, რომ უსაფრთხოების სამსახურებმაც იცოდნენ ამის შესახებ. არ ყოფილან ისინი ტერორისტები.

იმ სადარბაზოს ყველა სართულზე მცხოვრები გარეთ ისე გამოვიდა, რომ არავის მძევლად აყვანა არ უცდიათ. მე უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს ვუთხარი, რომ ბავშვებს და ქალს გამოვიყვანდი, მოლაპარაკებაც შეიძლებოდა, მაგრამ ბინაში არ შეგვიშვეს.

რაც შეეხება სროლას, ბინიდან პისტოლეტით სროლის ხმა იყო, მაგრამ ავტომატებით და ხელყუმბარებით არა. ქართველი სპეცრაზმელიც საეჭვო ვითარებაში დაიჭრა. მეუბნებოდნენ, რომ ისინი სირიიდან ჩამოვიდნენ, რაც სიმართლე არ არის", - უთხრა "რეგინფოს" უმარ იდიგოვმა.  

მისივე თქმით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ბინიდან ერთი ბიჭი და ქალი ბავშვებით დილითვე გაიქცნენ.

"ისინი ხომ ამბობენ, რომ სამი ადამიანის ლიკვიდირება მოხდა? დილით მათ გაექცათ ბიჭი და ქალი ბავშვებით. ამას ჩვენები ადასტურებენ და ეს არსად უთქვამთ. მაშინ საიდან გაჩნდა სამი ცხედარი?
მეორე, როგორც ჩვენი სპეცსამსახურები ამბობენ, რომ მათ ჰქონდათ ბევრი იარაღი, ე.ი. მათ თავად მისცეს უფლება შემოსულიყვნენ საქართველოში, მისცეს იარაღი, ისევე როგორც ეს ლაფანყურის შემთხვევაში მოხდა. გახსოვთ ლაფანყური? თავად შემოიყვანეს, თავად მოამზადეს, ანტიტერორისტული ცენტრი პატრონობდა, შემდეგ კი არჩევნებამდე დახოცეს", - აღნიშნავს იდიგოვი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კონტრტერორისტული ცენტრის მიერ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. ოფიციალური ცნობით, სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი და დაიჭრა ორი. დაჭრილია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელიც.

"არსებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები. ამ პირებთან მიმართებაში დაკვირვება უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ხორციელდებოდა. საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, აღნიშნული ჯგუფის წევრების სრული იდენტიფიკაციის მიზნით, მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულებრივი კავშირების დადგენის მიზნით", - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაცია 21 ნოემბრის საღამოს დაიწყო და დაახლოებით 22 საათი გაგრძელდა. სამართალდამცავებმა შტურმი მიიტანეს იმ ბინაზე, რომელიც მერი ხანგოშვილზეა რეგისტრირებული, მისი ფაქტობრივი მფლობელი კი ახმეტის რაიონის სოფელ დუისში მცხოვრები ასლანბეგ ჯაბრაილოვია. "რეგინფოს" ინფორმაციით, ჯაბრალოვმა ბინა ერთი თვის წინ გააქირავა.


წყარო: reginfo.ge