გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი ღარიბაშვილი: ეს სესხი არაფრით უკავშირდებოდა რიკოთის გზების მშენებლობას, მაღალი ალბათობით პრეზიდენტს არ ჰქონდა ინფორმაცია, მაგრამ დავავალე ადმინისტრაციას და ინფორმაციას აუცილებლად მივაწვდით

3-09-2021

საქართველოს მთავრობა წყვეტს როდის აიღოს სესხი და როდის არ აიღოს სესხი, ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება და შესაბამისად, მგონი კითხვები არ არსებობს, ჩვენ განმარტება გავაკეთეთ და ჩვენს მოსახლეობას ავუხსენით, თუ რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ტყიბულში განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობამ გადაწყვიტა საგარეო ვალის ეტაპობრივად შემცირება და იმ სესხებზე თქვა უარი, რომელთა არაღებაც ქვეყანას რაიმე პრობლემას არ შეუქმნის.


„ვფიქრობ, პრეზიდენტს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია და ჩვენ მას ავუხსნით, მივაწვდით ინფორმაციას, თუ რა ვალზეა საუბარი, როგორ არის დიფერენცირებული ეს ვალები და საერთოდ როგორ მართავს მთავრობა მთელს ამ პროცესს. ვფიქრობ, ძალიან გადაჭარბებულია შეფასება იმის თაობაზე, თითქოს მთავრობამ ევროპულ ვალზე თქვა უარი, კარგია, რომ სიტყვა შევცვალეთ და დახმარების ნაცვლად ვთქვით ვალი. დიახ, ვალია, სესხია და ევროპული ვალი კი არა, ჩვენ ვთქვით, რომ ეს ევროკავშირის სესხი აღარ იყო საჭირო. ჩემს განცხადებაშიც იყო და ჩემმა კოლეგებმაც არაერთხელ განმარტეს, რომ მთავრობამ გადაწყვიტა საგარეო ვალის ეტაპობრივად შემცირება და იმ სესხებზე თქვა უარი, რომელთა არაღებაც ქვეყანას რაიმე პრობლემას არ შეუქმნის, ეს ერთი, მეორე - ამ კონკრეტულმა სესხმა შეიძინა განსაკუთრებული, პოლიტიკური დატვირთვა და მით უმეტეს საარჩევნო კამპანიის დროს, ნახეთ, როგორ სპეკულირებდნენ ჩვენი ოპონენტები ამ სესხით. და მესამე - სესხი იყო დაკავშირებული სასამართლო რეფორმასთან, მოსამართლეების დანიშვნასთან, ასეთი წვრილმანებზე როდესაც ვკონცენტრირდებით და ხაზს ვუსვამთ ურთიერთობას ევროკავშირთან, ვფიქრობ, ეს არის დამაკნინებელი და დამაზიანებელია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების, რადგან ჩვენ გაცილებით უფრო მაღალი დონის სტრატეგიული ურთიერთობა და თანამშრომლობა გვაკავშირებს ევროკავშირთან, ვიდრე ეს ერთი ცალკე აღებული კონკრეტული სესხის ნაწილი. 75 მილიონი ევრო რაიმე კრიტიკულ მნიშვნელობას არ იძენს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთავრობა აჩერებს ან გადახედავს ევროკავშირთან ურთიერთობას ამ მიმართულებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ძალიან წარმატებული თანამშრომლობა ევროკავშირთან, საფინანსო ინსტიტუტებთან, დონორებთან, რომლებიც წლებია, საქართველოს ეხმარებიან. ჩვენ გვაქვს ეს აწყობილი ურთიერთობა და ამას წარმატებით გავაგრძელებთ. ეს სესხი არაფრით უკავშირდებოდა რიკოთის გზების მშენებლობას, აქედან გამომდინარე მინდა ვთქვა, რომ მაღალი ალბათობით პრეზიდენტს არ ჰქონდა ინფორმაცია, მაგრამ დავავალე ადმინისტრაციას და ინფორმაციას აუცილებლად მივაწვდით. ზედმეტი დრამატიზება და ჩვენი მოსახლეობის დაძაბვა საჭირო არ არის, პრეზიდენტს თავისი აზრი აქვს, მას შესაძლოა, განსხვავებული აზრი გააჩნდეს, ეს მისი უფლებაა, ჩვენ ასე ვხედავთ, სააკაშვილი სხვანაირად ხედავს და თქვენ სხვანაირად ხედავთ. სამი დღეა, მოსახლეობას ვასმენინებთ რაღაც უაზრო განმარტებებს, აღარ არის საჭირო. ხალხმა გაიგო, რომ ეს არის სესხი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.