4-09-2021
რთველი 2021-ის ფარგლებში, 4 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში სულ გადამუშავებულია 37 ათას ტონამდე ყურძენი: 10,3 ათასი ტონა საფერავი, 22 ათას ტონამდე რქაწითელი, 1,8 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია, აქედან 15 ათას ტონაზე მეტი დასეტყვილი ყურძენია.
2020 წლის 4 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებული იყო 4 ათასამდე ტონა ყურძენი, რაც თითქმის 9-ჯერ ნაკლებია ამჟამინდელ გადამუშავების რაოდენიბასთან შედარებით.
რთველი 2021-ის ფარგლებში, ყურძენი საწარმოებს 3300-მდე მევენახემ ჩააბარა, რომელთაც შემოსავლების სახით 35 მლნ ლარზე მეტი მიიღეს.
კონდიციური ყურძნის მოსავლის დაბინავება კახეთში ტრადიციულად დედოფლისწყაროსა და სიღნაღიდან დაიწყო, მომავალი კვირიდან კი რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში გაგრძელდება.
26 აგვისტოს, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, გურჯაანის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, 4600 ჰა ფართობის ვენახები დააზიანა. 2 სექტემბერს სეტყვა კვლავ განმეორდა ყვარელსა და თელავში, დაზიანდა 180 ჰა ფართობის ვენახები. მთავრობის გადაწყვეტილებით, მევენახები, რომლებსაც სეტყვამ 100%-ით გაუნადგურა მოსავალი ერთჯერადი კომპენსაციის სახით თითოეულ 1 ჰექტარ ფართობზე 3000 ლარს მიიღებენ. სეტყვის შედეგად დაზიანებულ ყურძენს მევენახეები 1 კგ რქაწითელს 0,80 ლარად და 1 კგ საფერავს - 1 ლარად აბარებენ. მიმდინარეობს სეტყვისგან დაზარალებული აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარების ზარალის დათვლა.