4-09-2021
ბოლო 8 წლის განმავლობაში, ჩვენ საერთო ძალისხმევით, საერთო ბრძოლით, 7 არჩევნები წარმატებით და ღირსეულად მოვიგეთ, გაიმარჯვა ჩვენმა ქვეყანამ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" წყალტუბოს მერობის კანდიდატის, გენადი ბალანჩივაძის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მიღწევებს და ისაუბრა გამოწვევებზე.
„მინდა, რამდენიმე მიღწევას გავუსვა ხაზი. პირველი, ეს არის ის მთავარი მონაპოვარი, რომელიც უკავშირდება 1-ელ ოქტომბერს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენი ქვეყნის დამშვიდებას და გრძელვადიანი სტაბილურობის დამყარებას, ასევე განვითარება მოიტანა 1-მა ოქტომბერმა, განვითარება და პროგრესი ყველა მიმართულებით, იქნებოდა ეს ინფრასტრუქტურა, ტურიზმი, განათლება, კულტურა, სპორტი, ადგილობრივი წარმოების განვითარება, სოფლის მეურნეობა. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი გაკეთდა, იქნებოდა ეს გზების მშენებლობა, ინფრასტრუქტურა, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია, ბაღების მშენებლობა, საავადმყოფოების და კლინიკების მშენებლობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამბულატორიების მშენებლობა და აღჭურვა, მაგრამ ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი და გვაქვს გაცილებით ამბიციური გეგმები, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენი ხალხის მთავარი გამოწვევა - სიღარიბე და უმუშევრობა ერთად დავძლიოთ. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი, 24-საათიანი მუშაობის მთავარი მამოძრავებელი და მოტივაციის მომცემი ჩვენთვის", - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, წარმატებით ისარგებლა მოსახლეობამ სახელმწიფო პროგრამებით, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში", „დანერგე მომავალი". „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ქვეკომპონენტით, რომელიც უკავშირდება სასტუმროების მშენებლობას და ასობით ახალი სასტუმრო აშენდა ბოლო წლების განმავლობაში.
„ასევე მინდა აღვნიშნო სოფლის მეურნეობაში მიღწეული ხელშესახები პროგრესი, რომელიც ყველამ ვნახეთ. 2 მილიარდზე მეტია ინვესტირებული ბოლო წლების განმავლობაში. ასობით ახალი საწარმო დაფინანსდა, ათასობით ჰექტარზე გაშენდა ახალი ვენახები, ხეხილის ბაღები და ეს პროცესი გრძელდება. ჩვენ ხელს ვუწყობთ ადგილობრივი წარმოების განვითარებას. პროგრამა „აწარმოე საქართველოში" სწორედ ამ მიზნით შეიქმნა თავის დროზე. მთელი ქვეყნის მასშტაბით, თავის დროზე აშენებული იყო და წარმატებით მუშაობდა ფაბრიკა-ქარხნები და შემდეგ წლების განმავლობაში მიტოვებულ იქნა და განადგურდა. ამ პროგრამის მთავარი მიზანია, დამატებითი ღირებულება შეიქმნას ადგილზე, განახლდეს საწარმოები, ფაბრიკები, შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები, შეიქმნას დოვლათი და რაც შეიძლება მეტი ჩვენი მოქალაქე დასაქმდეს. ჩვენ ვგეგმავთ 2,5 მილიარდი ლარის ინვესტირებას ადგილობრივი წარმოების განსავითარებლად. ჩვენი გეგმის მიხედვით, 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. სოფლის მეურნეობაში 7 მილიარდი ლარის ინვესტირება არის დაგეგმილი. მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა გავაფართოოთ აღნიშნული პროექტები და პროგრამები", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტურიზმს.
„ვიმყოფებით რა წყალტუბოში, ამ ულამაზეს ადგილას, ჩვენ განსაკუთრებით კარგად გვესმის ამ ადგილის განვითარების მნიშვნელობა. წყალტუბო უნდა გახდეს ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ცენტრი. ეს ასეც იყო, ასე არის და კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ წყალტუბომ რეალურად კიდევ უფრო მეტი დამსვენებელი მოიზიდოს და მეტი ინვესტიციები ჩაიდოს. მთავრობამ დაასრულა მასტერპლანი, ანუ განვითარების, განაშენიანების გეგმაზე მუშაობა და ის მზად არის. აღნიშნული წარმოდგენილი იქნება, ჩვენ უკვე აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ინვესტორებთან, არის ძალიან დიდი ინტერესი იმისა, რომ ძალიან მალე დაიწყოს მიტოვებული სასტუმროების განახლება, მათი ხელახლა აღორძინება და მშენებლობა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.