4-09-2021
სააკაშვილის პარტნიორს, მამუკა ხაზარაძეს მივმართავ აქედან, რომ სანამ ჩემზე რაიმეს იტყვის, ჯერ გადაამოწმოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს წყალტუბოში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან მარტივი საქმე იყო, თავად მამუკა ხაზარაძე ან მისი თანამშრომელი შესულიყვნენ სტატისტიკის სამსახურის ვებგვერდზე და გადაემოწმებინათ, რამდენი კილომეტრი გზა არის საქართველოში.
„კაცი, რომელსაც აქვს პრეტენზია, მოსულიყო ხელისუფლებაში და რომელმაც 3% აიღო, არ უნდა საუბრობდეს ასეთ ტყუილებზე და ტყუილებით არ უნდა კვებავდეს საზოგადოებას და ჟურნალისტებს არ უნდა ატყუებდეს. მან თქვა, რომ მე მოვიტყუე და საქართველოში თურმე არის 7 ათასი კილომეტრი გზა და მე ვამბობ, რომ 10 ათასი კილომეტრი გავარემონტეთ და რეაბილიტაცია ჩავუტარეთ. ჯამში არის 21 101 კილომეტრი გზა მთელი ქვეყნის მასშტაბით და ბოლო 8 წელიწადში 10 ატას კილომეტრზე მეტ გზას ჩაუტარდა რეაბილიტაცია და აღდგენა. 150 კილომეტრ მაგისტრალური გზა დავაგეთ ჩვენ. ყველა ამ მონაცემზე მე პასუხს ვაგებ და ნებისმიერი ფაქტი და ინფორმაცია შეგიძლიათ გამოითხოვოთ. ვურჩევდი ბატონ ხაზარაძეს, მომავალში გადაამოწმოს ინფორმაცია, გამოითხოვოს და ასე გაავრცელოს ინფორმაცია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.