17-04-2018
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან რამდენიმე თანამდებობის პირს ამ დღეებში დაითხოვენ.
ამის შესახებ "გურიის მოამბეს" კონფიდენციალურმა წყარომ აცნობა.
რედაქცია შეეცადა აღნიშნული ინფორმაციის დაკონკრეტებას ოზურგეთის მერთან, თუმცა კონსტანტინე შარაშენიძემ თანამდებობის პირების დათხოვის ფაქტი არ დაადასტურა.
როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, აუდიტის დასკვნის საფუძველზე პირველ ეტაპზე სამ თანამდებობის პირს, მათ შორის ორ სამსახურის და ერთ განყოფილების უფროსს დაითხოვენ.
პირველი ამ სიაში ოზურგეთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გოჩა აბაშმაძეა, სხვა პრობლემებთან ერთად მისი დათხოვნის მიზეზი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ჯუმათის თემში განხორციელებული წყალმომარაგების პროექტია. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ ამ პროექტის განსახორციელებლად მილიონ ორასი ათასი გამოყო, დღესაც თემში ამ მიმართებით სერიოზული პრობლემებია.
მეორე, მალხაზ გორგოშიძე, ქონების მართვის განყოფილების უფროსი, კობა ხაბალაშვილის, ანუ შიდა აუდიტის დასკვნით ირკვევა, რომ აუქციონები, განსაკუთრებით მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით, უმრავლეს შემთხვევაში ფორმალურად ტარდებოდა, მთელ რიგ შემთხვევებში კი საერთოდაც არ ტარდებოდა, უბრალოდ ოქმში ფიქსირდებოდა.
მესამე, სოციალური სამსახურის უფროსი თამარ დუმბაძეა, აქაც საქმეში კობა ხაბალაშვილის უწყების დასკვნაა, რომელშიც ნათლად სჩანს, რომ სოციალური დახმარებების გაცემასთან დაკავშირებით, წინა ხელისუფლების დროს სერიოზული დარღვევები იყო და რამდენიმე მათგანი შესაძლოა გამოძიების დაწყების მიზეზი გახდეს.