გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი ღარიბაშვილი: 1 მილიარდი ევროს ღირებულების მეგაპროექტი, რომელიც განახორციელა ბიძინა ივანიშვილმა, ჭეშმარიტად ევროპული სასწავლებელია, რომელშიც ევროპული ხარისხის განათლებას მიიღებენ ჩვენი შვილები

4-09-2021

სერიოზული, ამბიციური გეგმები განათლების მიმართულებით; ვაშენებთ სკოლებს. 8 წლის განმავლობაში 170-ზე მეტი ახალი სკოლა ავაშენეთ, 250 სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა თანამედროვე, ევროპული სტანდარტის მიხედვით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატის, იოსებ ხახალეიშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, იგეგმება 800 სკოლის აღდგენა-რეაბილიტაცია თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მიხედვით, იმისთვის, რომ ბავშვებმა განათლება მიიღონ თანამედროვე სკოლებში.

„რა თქმა უნდა, ხარისხიანი განათლება არის გამოწვევა და ამ მიზნით, განათლების მინისტრი ბატონი ჩხენკელი აქტიურად მუშაობს. არ შემიძლია, არ აღვნიშნო მართლაც მეგაპროექტი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი - პროექტი, რომელიც განახორციელა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, 1 მილიარდი ევროს ღირებულების უნიკალური პროექტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც არის მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პარტნიორი და მართლაც უნიკალური შესაძლებლობაა ჩვენი ახალგაზრდებისთვის. ეს არის ჭეშმარიტად ევროპული სასწავლებელი, რომელშიც  ევროპული ხარისხის განათლებას მიიღებენ ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი თაობა. ამ მეგაპროექტის გარშემო შეიქმნება მართლაც უნიკალური გარემო და რეალურად ჩვენს შვილებს მიეცემათ შესაძლებლობა, ადგილზე, აქვე, საქართველოში მიიღონ ევროპული  ხარისხის და დონის განათლება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელთა გადადგმა პროფესიული სასწავლებლების განვითარების მიმართულებით იგეგმება.

„გვაქვს გეგმა, რომ ყველა მუნიციპალიტეტში ავაშენოთ პროფესიული სასწავლებლები, მოვიწვიოთ უცხოელი სპეციალისტები იმისთვის, რომ ადგილზე შეეძლოთ ჩვენს ახალგაზრდებს  პროფესიული უნარების შეძენა, სპეციალობების დაუფლება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, ძვირფასო მეგობრებო, საჭიროებს გრძელვადიან სტაბილურობას", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.