რუსმა სამხედროებმა მეორე მწყემსის გატაცებაც სცადეს, თუმცა გელა გიუნაშვილმა გაქცევა მოახერხა. თამაზ ილურიძე კი, სავარაუდოდ, ოკუპირებული ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
„პატარა ტერიტორიაა დარჩენილი, სადაც კიდევ შეგვიძლია გავიაროთ და საქონელი გავატაროთ. იმაშიც გვედავებიან. ჩამოდიან ქვემოთ ისეთ ადგილებში, სადაც ჩვენი ტერიტორიაა, მაგრამ ვერანაირი ძალით წინ ვერ ვუდგებით. ჩვენი მწყემსები მიჰყავთ, რამდენი შემთხვევა მოხდა უკვე“, - ამბობს „რუსთავი 2“-თან ფლავისმანში მცხოვრები თემურ გიუნაშვილი.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
საოკუპაციო ხაზთან ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით ბოლო დაკავება 7 აპრილს მოხდა, როდესაც რუსმა სამხედროებმა სოფელ აძვიდან ორი მამაკაცი წაიყვანეს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 126, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 52 უკანონო დაკავების ფაქტია რეგისტრირებული.