18-04-2018
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე კახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, უმცირესობების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს. შეხვედრა ნატოს დღეების ფარგლებში, ქ.თელავის ი.გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.
მიხეილ ჯანელიძე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავს და ისაუბრებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობასა და ამ გზაზე არსებულ პროგრესზე.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.
შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით ასევე წარსდგებიან ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე და კახეთის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი.
ღონისძიების ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კახეთის რეგიონის თითოეული მუნიციპალიტეტის მერი და მოწვეული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები ხელს მოაწერენ ევროატლანტიკური კლუბის შექმნის დებულებას, რომელიც კახეთის რეგიონის მასშტაბით განახორციელებს სხვადასხვა ტიპის აქტივობას ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე.
წელს, ნატო-ს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით იმართება არაერთი ღონისძიება ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებისა და ჩართულობის მიზნით.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელი საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დიალოგის წლად გამოაცხადა და ხელისუფლის წარმომადგენლებს ხალხთან, განსაკუთრებით კი რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან მეტი დიალოგისკენ მოუწოდა.
ნატოს დღეები მეთერთმეტედ აღინიშნება და 16 აპრილიდან 1-el მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიება საქართველოში სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.