გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი აჭარის ტელევიზიას კრიმინალის გაშუქების გამო აკრიტიკებს

18-04-2018

„ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი აჭარის ტელევიზიას კრიმინალური შემთხვევების გაშუქების გამო აკრიტიკებს. დეპუტატის უკმაყოფილება ბათუმში ავტომობილების გაქურდვის ფაქტებზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სიუჟეტის მომზადებას უკავშირდება.

ირაკლი ჭეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მაუწყებლის მიერ ამ ამბის გაშუქების უკან შესაძლოა პოლიტიკური კონტექსტი იყოს.

აჭარის ტელევიზიამ 16 და 17 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბათუმში, ბოლო ერთ კვირაში ერთიდაიგივე მარკის ორ ავტომანქანას ფარები მოპარეს და დააზიანეს. ქურდობის ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

„სამწუხარო ფაქტია ნამდვილად. ავტომობილის მფლობელმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა, რაც აუცილებლად უნდა გაეკეთებინა. მაინტერესებს აჭარის ტელევიზია ვინ გამოიძახა?! ან რამდენად მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ნიუსად ქცეულიყო, თუ რა თქმა უნდა პოლიტიკური კონტექსტი არ ახლავს. მართლა მაინტერესებს“, – წერს ირაკლი ჭეიშვილი „ფეისბუქში“.

მოგვიანებით „ბათუმელებთან“ ინტერვიუში უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა განმარტა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო გაეგო, თუ ვინ მიაწოდა ჟურნალისტებს ქურდობის შესახებ ინფორმაცია.

„წყარომ მოგვაწოდაო დამიწერეს კომენტარებში. ყველაფერს წყაროს ეძახიან, წყაროა ყველა, ვინც ინფორმაციის მატარებელი და მიმწოდებელია. მაგრამ საიდან გაჩნდა ჟურნალისტი? – ვიღაც დაინტერესებულმა პირმა დაურეკა, ოღონდ ეს დაინტერესებული პირი არ არის ამ შემთხვევაში მანქანის მეპატრონე. მეპატრონეს შეიძლება მართლა დაერეკა გაბრაზებულზე. მე ვხედავ, რომ პოლიტიკურად აპელირებულმა პირმა დაურეკა. მერე აპელირებენ, რომ თურმე დავბრუნდით შევარდნაძის დროში“, – ციტირებს „ბათუმელები“ ირაკლი  ჭეიშვილის კომენტარს.

მისივე თქმით, არსებობს ჯგუფი, რომელიც ქალაქში დადის, სურათებს იღებს და ხშირ შემთხვევაში ნეგატიურ ინფორმაციას ატყობინებს ტელევიზიას.

„როდესაც კარგი ხდება არ ატყობინებენ. ეს ხდება რამდენიმე წელია უკვე. წინა ხელისუფლებაში რატომღაც არ შუქდებოდა ასე“, –  ამბობს ჭეიშვილი.

ირაკლი ჭეიშვილი 2014-2016 წლებში ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. 2016 წლის ნოემბრიდან ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა. 2012 წლის არჩევნების შემდეგ ის აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. წლების წინ კი აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის, ლევან ვარშალომიძის აპარატში პრესსამსახურის უფროსად მუშაობდა.

reginfo.ge