18-04-2018
გორში ქართული კერამიკის შემსწავლელი კლასი გაიხსნა. დაინტერესებულ ახალგაზრდებს თიხაზე მუშაობას ცნობილი გორელი ოსტატი გიორგი ტატულაშვილი უფასოდ შეასწავლის.
კერამიკის შემსწავლელი უფასო კლასის გახსნა გიორგი ტატულაშვილის ინიციატივაა, პროექტი 9 თვიანია და ,,კულტურული პროექტების თანადაფინანსების“ მუნიციპალური პროგრამიდან 9000 ლარით აფინანსებენ.
გორის მოჭიქული კერამიკა საქართველოში განსაკუთრებით ცნობილი იყო XIX საუკუნეში და XX საუკუნის დასაწყისში. სწორედ ამ ტრადიციების გამგრძელებელია ქალაქ გორში მცხოვრები ოსტატი გიორგი ტატულაშვილი. ტატულაშვილმა ხელობა წინაპრებისგან ისწავლა.
ხალხურ კერამიკაზე მუშაობდნენ მისი ბაბუა და მამა. მათი კერამიკა განთქმული იყო გორში და საპატიო სტუმრები ყოველთვის მათი სახელოსნოს დასათვალიერებლად მიჰყავდათ მასპინძლებს. გიორგი ტატულაშვილის მოჭიქული ჭურჭელი მრავალფეროვანია. ამზადებს ფიალებს, დოქებს, სამქვევრებს, ჯამებს, სამაწვნე ქილებს და სხვა ღვინის თუ საყოფაცხოვრებო ნივთებს. გამორჩეულია მისი თეთრჭიქურიანი ჭურჭელი, რომელზეც ცისფერი საღებავებით მცენარეული ორნამენტია დატანილი.
კერამიკის სახელოსნო გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა და მისმა მოადგილემ ეკატერინე სუხიშვილმა მოინახულეს, ოსტატის ნამუშევრები დაათვალიერეს და სასწავლო პროცესსაც დაესწრნენ.
,,გიორგი ტატულაშვილი ტრადიციული კერამიკის გამორჩეული ოსტატია, რომლის შემოქმედება გორის კულტურული ცხოვრების ნაწილია. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის მხრიდან მისი ინიციატივის დაფინანსება, მითუმეტეს, რომ ამ პროექტით ხელი შეეწყობა ახალგაზრდების დაკავებას საინტერესო საქმიანობით და, ამავე დროს, ქართული კერამიკის ტრადიციებიც გაგრძელდება ჩვენ ქალაქში.“ - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.