გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მიხეილ ჩხენკელმა 11 სექტემბრის ტერაქტის შედეგად დაღუპულებს პატივი მიაგო

10-09-2021

2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებული ტერაქტიდან 20 წლისთავთან დაკავშირებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მემორიალი „მსოფლიო სავაჭრო ცენტრის არტეფაქტი“ გამოიფინა და ტრაგედიის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიმართა. ღონისძიებაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიიღო მონაწილეობა.

სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა პატივი მიაგო 11 სექტემბრის ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას და აღნიშნა, რომ ეს დღე ყველაზე საშინელ ტრაგედიად რჩება თანამედროვე მსოფლიოს ისტორიაში.

 

მიხეილ ჩხენკელი: „20 წელი გავიდა 11 სექტემბრის საშინელი ტრაგედიიდან, რაც ნიუ-იორკში მოხდა. ეს არ იყო მხოლოდ ამერიკის ტრაგედია, ეს იყო მსოფლიოს ტრაგედია და ის პირადად მეც შემეხო - იმ პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში ვმოღვაწეობდი. 11 სექტემბერს ერთ-ერთ შენობაში იმყოფებოდა ჩემი ყოფილი ამერიკელი სტუდენტი და ის დაიღუპა. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, ამერიკელ ხალხს და მთელ კაცობრიობას.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა 11 სექტემბრის მემორიალი და ყველას ექნება შესაძლებლობა, ეს მემორიალი იხილოს და გაიხსენოს ეს დღე.

ჩემთვის, როგორც საქართველოს და ამერიკის ორმაგი მოქალაქისთვის, სასიხარულოა, რომ ეს მემორიალი პირველად საქართველოში გამოიფინა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მემორიალი გამოიფინება საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში, მათ შორის, რეგიონულ უნივერსიტეტებში. ჩვენს ახალგაზრდებს, სტუდენტებს და ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, ეს მემორიალი და ფოტოგამოფენა იხილოს, რათა ყველას ახსოვდეს 11 სექტემბრის ტრაგედია და ტერორისტული აქტები არასოდეს განმეორდეს.

მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის პირველ რიგში ჩემს კოლეგას, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს, როძიანკოების ოჯახს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს“.

 

მემორიალის, რომლის მესაკუთრეები ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები ბატონი პოლ როძიანკო და ქალბატონი ჩონსიროძიანკო არიან, მთავარი ელემენტია აფეთქებული ცათამბჯენისგან გადარჩენილი ფოლადის საყრდენი. მასზე შემორჩენილია კომპანია LacledeSteel-ის, სენტ-ლუისის ფოლადის წამყვანი მწარმოებლის სახელი და ინვენტარის ნომერი. როძიანკოთა ოჯახისა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, სკულპტურა სიმბოლურად სწორედ ტერაქტიდან 20 წლის თავზე, პირველად საქართველოში გამოიფინა. აღსანიშნავია, რომ მემორიალი საქართველოს სხვა უნივერსიტეტებში, მათ შორის, რეგიონულ უნივერსიტეტებშიც გამოიფინება.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს მემორიალური სკულპტურის მესაკუთრემ პაულ როძიანკომ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ რაიან ჰარისმა.

2001 წლის 11 სექტემბერს ისლამისტმა ტერორისტებმა აშშ-ის ტერიტორიაზე თავდასხმების სერია განახორციელეს. 19 ტერორისტმა ოთხი კომერციული სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა, ორი თვითმფრინავი გამიზნულად შეაჯახეს ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენს (ე. წ. ტყუპებს), რის შედეგადაც დაიღუპა თვითმფრინავის ყველა მგზავრი და ამ შენობებში იმ მომენტში მყოფი ხალხის დიდი ნაწილი. გამტაცებლებმა მესამე თვითმფრინავი პენტაგონის შენობას დააჯახეს. მეოთხე თვითმფრინავი კი სომერსეტ-ქაუნთის (პენსილვანია) ველზე ჩამოვარდა. ტერაქტის შედეგად დაიღუპა 3000-ზე მეტი ადამიანი 62 ქვეყნიდან.