18-04-2018
2018 წლის ბოლო 3 თვის განმავლობაში ფოთის საზღვაო ნავსადგურში საკონტეინერო გადაზიდვები წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 15,1%-ით გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, 2018 წელს ფოთის პორტში 82,039 TEU კონტეინერი გადამუშავდა, ხოლო 2017 წელს 71,299 TEU კონტეინერი. მათივე ინფორმაციით, 2018 წელს გადამუშავებული კონტეინერებიდან 13,1% მაცივარ-კონტეინერებზე მოდის, რითაც ძირითადად ხორცი, ხილი და საკონდიტრო ნაწარმი შემოვიდა საქართველოში.
ფოთის პორტში აცხადებენ, რომ ტვირთების 37,1% იმპორტზე მოდის, 20,15% ექსპორტზე, ხოლო ტვირთების 40,8%-ს ტრანზიტული დანიშნულება აქვს. მათ შორის ტვირთების დიდი ნაწილი მიემართება აზერბაიჯანში, სომხეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.
,,2018 წლის ბოლო 3 თვის განმავლობაში, ფოთის პორტში ოპერაციების შეწყვეტის დღეების რაოდენობა 53%-ით შემცირდა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით. ქვეყნის ყველაზე დიდი პორტის გასაძლიერებლად და უკეთესი სერვისის მისაწოდებლად „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა: 2018 წლიდან ფოთის საზღვაო ნავსადგურში საბუქსირე მომსახურების განახორციელება კომპანია Svitzer-მა დაიწყო, რომელიც სპეციალიზებულია საბუქსირე მომსახურების უზრუნველყოფის კუთხით და ცნობილია თავისი პროფესიული, ეფექტური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზღვაო ოპერაციებით.
ფოთის ნავსადგურს დაემატა უფრო მძლავრი და მანევრირებადი ორი ASD ბუქსირი “SIMSON” და ‘’PORTGARTH“. ბუქსირების კაპიტნებს და სალოცმანო სამსახურის წარმომადგენლებს, შვედეთის ქალაქ გოტენბურგში, ჩაუტარდათ ASD ტიპის ბუქსირების მანევრირების ტრენინგი სიმულატორების გამოყენებით. გარდა ამისა, ეკიპაჟის ყველა წევრისთვის ტრენინგები ამ დრომდე მიმდინარეობს.
ფოთის პორტმა შეიძინა ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სალოცმანო კატარღა. ყოველივე ეს განხორციელდა ნავსადგურის კაპიტანთან, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან და შპს ,,ფოთი პაილოტთან“ მჭიდრო თანამშრომლობით.
ფოთის საზღვაო ნავსადგურს მნიშვნელოვანი და სტრატეგიური ადგილი უჭირავს საქართველოს ეკონომიკის განვითარებასა და კავკასიის დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდაში. იგი ყველაზე დიდი ნავსადგურია საქართველოში, ნავსადგურში სულ 15 ნავმისადგომია, სადაც ხდება ყველანაირი სატვირთო მომსახურების, მათ შორის რო-რო სერვისის განხორციელება. ნავმისადგომების მთლიანი სიგრძე 2,900 მეტრს შეადგენს, სადაც 20-ზე მეტი საპორტო ამწეა განლაგებული. სათავეში მოსვლის დღიდან, „ეიპიემ ტერმინალსმა“ უზრუნველყო 80 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელება საპორტო ინფრასტრუქტურის, სარკინიგზო და საავტომობილო გზების და სერვისის განახლების მიზნით“, -ნათქვამია ინფორმაციაში.
"ინტერპრესნიუსი"