გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან დავითაშვილი: ჯიღაურაში გვაქვს ვაზის უნიკალური კოლექცია, რომელიც ვაზისა და ღვინის მსოფლიო ორგანიზაციის (OIV) მიერ, მსოფლიოს საუკეთესო კოლექციად არის აღიარებული

10-09-2021

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სოფლის მეურნეობის პოტენციალზე, შესაძლებლობებზე, რომელიც მცხეთა-მთიანეთის მხარეს გააჩნია, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ჯიღაურას სამეცნიერო-კვლევითი ბაზა, რომელიც ჩვენი სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მნიშვნელოვანი ბაზაა. ყველამ უნდა იცოდეს, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ და მადლობა გადავუხადოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმ ღვაწლისათვის, რომელიც მას გააჩნია ზოგადად, ქართულ კულტურაზე ზრუნვის ნაწილში და ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია ქართული ბიომრავალფეროვნება, ქართული მევენახეობა და მეღვინეობა - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ქართული ოცნების" მცხეთის მერობის კანდიდატის, დიმიტრი ზურაბიშვილის წარდგენაზე.


მისი თქმით, გვაქვს ვაზის უნიკალური კოლექცია, რომელიც ვაზისა და ღვინის მსოფლიო ორგანიზაციის (OIV) მიერ, მსოფლიოს საუკეთესო კოლექციად არის აღიარებული.


„ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ ღვინის სამშობლო. მართლაც, ქართველებმა, ამ უძველეს ტერიტორიაზე შექმნეს პირველად ღვინო, მოაშინაურეს ვაზი. მთელი საუკუნეების განმავლობაში, ქართველი ხალხი ყველა კუთხეში ახდენდა ახალი ჯიშების გამოყვანას. ასე შეიქმნა უნიკალური გენოფონდი, რომელიც ქართველი ხალხის ყველაზე ხელშესახები და მნიშვნელოვანი მემკვიდრეობაა. თუმცა, ეს მემკვიდრეობა იყო ხელყოფილი უპასუხისმგებლო პოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგად. თბილისში, დიღმის ტერიტორიაზე, არსებობდა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, სადაც იყო თავმოყრილი აღნიშნული გენოფონდი და ყველა ის უნიკალური ვაზის ჯიში, რომელიც პრაქტიკაში დაკარგული იყო. ეს შენარჩუნებული იყო სამეცნიერო მიზნებისთვის და ასევე, იმისთვის, რომ მომავალ თაობებს გაეგრძელებინათ კვლევა და წინაპრების დაწყებული საქმე. სამწუხაროდ, ვაზის ეს უნიკალური კოლექცია გაიჩეხა, ტერიტორია გაიყიდა, ინსტიტუტი გაუქმდა. საქართველო კარგავდა ქართველი ერის მიერ ასწლეულობით შექმნილ ყველაზე დიდ ღირებულებას - ქართული ვაზის გენოფონდს. ბატონი ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით, ფონდმა „ქართუმ" დააფინანსა პროექტი და ჩვენ გვაქვს ვაზის უნიკალური კოლექცია, რომელიც ვაზისა და ღვინის მსოფლიო ორგანიზაციის (OIV) მიერ, მსოფლიოს საუკეთესო კოლექციად არის აღიარებული. აქ წარმოდგენილია ვაზის 800 სხვადასხვა ჯიში, საიდანაც 400 ჯიშზე მეტი არის აბორიგენული ქართული. ეს არის ყველაზე მდიდარი კოლექცია და შეგვიძლია ყველამ ვიამაყოთამით", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველოში, წლების განმავლობაში, იყო მსჯელობა იმის შესახებ, რომ მევენახეობის და მეღვინეობის ქვეყანაში, ღვინის სამშობლოში, აღარ არსებობს ღვინის ინსტიტუტი, რომელიც ერთ დროს, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილების გამო გაუქმდა. დღეს, ჯიღაურაში უკვე აშენდა ახალი შენობა, სადაც მოეწყობა ღვინის თანამედროვე ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა და კვლევითი სამუშაოები გაგრძელდება. დღეს, მსოფლიოს მეცნიერებისათვის, ამ მიმართულებით, საქართველო საინტერესო ადგილს წარმოადგენს.


„როგესაც მევენახეობა-მეღვინეობაზე ვსაუბრობთ, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ვიმყოფებით მხარეში, რომელიც ისტორიულად, გამორჩეული იყო ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი, საუკეთესო ღვინოების წარმოების კუთხით. ეს იყო სამეფო ვენახების მხარე - მუხრანის ველი, სადაც მეფისთვის განსაკუთრებული ხარისხის ღვინოები იწარმოებდა ზუსტად იმ ჯიშებისგან, რომელიც აღდგენილია, გადარჩენილია და დღეს, ჯიღაურას კოლექციაშია წარმოდგენილი. ეს არის ქართლის უნიკალური ჯიშები - შავკაპიტო, გურული მწვანე, მუხათმწვანე, ჩინური და ა.შ, რომლებიც დღეს, უკვე წარმოებაში დაბრუნდა. ბოლო პერიოდში, ამ მუნიციპალიტეტში, მეღვინეობის განვითარება საკმაოდ აქტიურად დაიწყო. უკვე გვაქვს ბევრი პატარა მარანი და წარმატებული, გამორჩეული ღვინის საწარმოები. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ხარისხიანი და გამორჩეული ღვინოები იწარმოება და ისეთი სახელოვანი გახდა აქ წარმოება, სამინისტროს მიიღო გადაწყვეტილება, მუხრანის ველი გახდეს დაცული ადგილწარმოშობის დასახელება. ვფიქრობ, ეს იქნება კიდევ ერთი საამაყო ფაქტი მცხეთის მუნიციპალიტეტის ყველა მაცხოვრებლისთვის", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჯიღაურას სამეცნიერო-კვლევითი ბაზა წარმოდგენს მეხილეობის უნიკალურ ცენტრს, რაც ასევე მნიშვნელოვანია.
„ვაზის გარდა, ჩვენ გვაქვს ხილის უნიკალური ჯიშები, რომლის აღდგენაც დავიწყეთ და ეს გენოფონდიც აქ არის წარმოდგენილი. ჩვენ გვაქვს უნიკალური, მსოფლიოში ცნობილი და პოპულარული კვლევის საშუალებები სხვადასხვა ჯიშების საქართველოში ადაპტაციის კუთხით. გვაქვს უნიკალური ლაბორატორიული შესაძლებლობები, ფიტოსანიტარული კონტროლის მექანიზმები, გამოგვყავს ხარისხიანი, სანდო სარგავი მასალა დაცული დაავადებებისგან და ა.შ. აქ არის მთელი სისტემა, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველოში მრავალწლიანი კულტურები და მეხილეობის სექტორი. ყველაფერი ეს, ფონდი „ქართუს" დაფინანსებით შეიქმნა, 16 მლნ ლარი დაიხარჯა და 2014 წელს, უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს. გადაეცა „ქართული ოცნების" ხელისუფლებას იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება ამ უნიკალურ პროექტს გაუფრთხილდებოდა და ქართულ მეხილეობაზე, მევენახეობაზე, მეღვინეობაზე ზრუნვას გააგრძელებდა. და ეს, ასეც ხდება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა, მცხეთაში, მერობის კანდიდატის, დიმიტრი ზურაბიშვილის წარდგენაზე.