გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: ყველა ღონისძიება გატარდება იმისთვის, რომ მიმდინარე წელსვე მშპ-სთან მიმართებით ვალის ნიშნულმა მკვეთრად დაიწიოს და მომდევნო წლებშიც ამ ნიშნულს მუდმივად ჰქონდეს შემცირების ტრაექტორია

13-09-2021

ყველა ღონისძიება გატარდება იმისთვის, რომ მიმდინარე წელსვე მშპ-სთან მიმართებით ვალის ნიშნულმა მკვეთრად დაიწიოს და მომდევნო წლებშიც ამ ნიშნულს მუდმივად ჰქონდეს შემცირების ტრაექტორია, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ევროკავშირის სესხის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.


მისი განცხადებით, არასწორი იყო აღნიშნული საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა.


„ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ ვალის მოცულობა ქვეყნის ეკონომიკასთან მიმართებით უნდა შემცირდეს და 60%-იანი ნიშნული, რომელსაც მივაღწიეთ 2020 წელს, არ არის ის ზღვარი, რომლითაც ქვეყანას შეუძლია ეკონომიკურ განვითარებას მიაღწიოს. შესაბამისად, ის რომ ვალის დონე ეკონომიკასთან მიმართებით უნდა შემცირდეს, იყო ჩვენი გაცხადებული მიზანი. გარდა ამისა, ძალიან საგულისხმოა გარემოება, როდესაც პოლიტიკურ ჭრილში გადადის აღნიშნული საკითხი. ჩვენ გვახსოვს, რამდენიმე თვის წინ, ბანერებით და ტრაფარეტებით დადიოდა ის ხალხი, ვინც დღეს გვაკრიტიკებს, იმაზე თუ რატომ არ ავიღეთ სესხი. მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ კონკრეტული სესხის აღების საკითხი და ქვეყნის ვალის დონე ეკონომიკასთან მიმართებით, ყოველთვის განხილული იქნება მხოლოდ და მხოლოდ, ფისკალური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. მეორე საკითხი, რაც ამავე ხელშეკრულებას ეხებოდა, არის რეფორმები. ამ კუთხით, საქართველოს მთავრობას გაცხადებული აქვს, რომ რეფორმები, რომელიც დაწყებულია, აუცილებლად გაგრძელდება და დასრულდება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.


როგორც მან აღნიშნა, გარკვეული კორექტირების მოლოდინი, შესაძლოა სხვა ვალებთან მიმართებითაც არსებობდეს.


„ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველო აღარ აიღებს დამატებით სესხს კონკრეტულ პროექტებთან მიმართებით. შესაძლებელია, ქვეყანამ აიღოს სესხები, თუმცა, ამ ნაწილშიც განიხილება სხვადასხვა გზა, მათ შორის, მოდელი, რომლის მიხედვით, კონკრეტული დონორის სესხის მოცულობა შეიძლება შემცირდეს და ბიუჯეტმა მოახდინოს თანხის ნაწილის კომპენსირება, რაც არსებითად შეამცირებს სესხის დონეს. კიდევ ერთხელ, ცხადად მინდა განვაცხადო, რომ 60%-იანი ნიშნული არ არის შესაბამისობაში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და ჩვენი მიზანია, ამ ნიშნულმა მკვეთრად დაიწიოს უკვე მიმდინარე წელს და მომდევნო 6-8 წლის განმავლობაში, ამ ნიშნულს მუდმივად ჰქონდეს შემცირების ტენდენცია", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.