23-11-2017
ციხიდან გათავისუფლებული პატიმრების თვითშეფასება ხშირად განსხვავდება ერთმანეთისგან. ზოგი ციხიდანვე გეგმავს მომავალ ცხოვრებას და ადვილად ივიწყებს წარსულს, ზოგს უჭირს ყოფილ პატიმრებზე სტერეოტიპულ წარმოდგენებთან გამკლავება. 70 წელს მიტანებული ბედიშა ხარჩილავასთვის ციხეში გატარებულ პერიოდზე რთული, თავისუფლების პირველი წელი აღმოჩნდა.
„გათავისუფლებიდან 6 თვის შემდეგ ჯერ 37 წლის ვაჟი გარდამეცვალა C ჰეპატიტით, ორმოცი დღეც არ იყო გასული და ქალიშვილიც დაგვეღუპა, თრომბით. ჩემი პატიმრობა დაღად დაესო მთელ ჩემს ოჯახს. შვილები ძალიან განიცდიდნენ ამ ამბავს. მგონია, რომ ყველაფერი ჩემზე ნერვიულობისგან დაემართათ. ამჯერად ეთნოგრაფიულ მუზეუმში ვმუშაობ მთავარ სპეციალისტად. ჯანდაბას ჩემი თავი… რა არის ორი შვილის დამკარგველი ქალის ცხოვრება. ჩემი ციხეში მოხვედრის შემდეგ დაემართა ბიჭს C ჰეპატიტი, ეს ქნა ჩემმა პატიმრობამ“, – ამბობს ბედიშა ხარჩილავა.
მიიჩნევს, რომ პატარა რაიონში, სადაც ყველა გიცნობს, თუ საეჭვო ამბებში გაეხვევი, მოუშორებელი ტკივილით უნდა იცხოვრო და დასმული დაღი ყოველთვის შეგახსენებს თავს.
„წარმოიდგინეთ, 10 წელი ვმუშაობდი უცხო ენის მასწავლებლად, 17 წელი წალენჯიხის რაიონული არქივის დირექტორად. ყველა მაფასებდა, კარგის მეტი ჩემგან არავის არაფერი ახსოვს. ამიტომაც განიცადეს ჩემი ამბავი შვილებმა მტკივნეულად“ – გვიყვება ბედიშა ხარჩილავა, რომელიც პროფესიით ფილოლოგი, გერმანისტია და ციხის ამბებსაც იხსენებს.
„2 წელი მომისაჯეს 2006 წელს ქრთამის აღების ბრალდებით. მაშინ წალენჯიხის რაიონული არქივის დირექტორად ვმუშაობდი. ვიღაც ქალი მომიგზავნეს, დოკუმენტს მთხოვდა, რომლის გაცემის უფლებაც არ მქონდა. თანხა შემომთავაზა, უარი ვუთხარი და მიუხედავად ამისა დატოვა მაგიდაზე და გავიდა. დავედევნე, იქვე გამოჩნდა პოლიცია და დამაკავეს. ეჭვი მაქვს და ბევრს უთქვამს, რომ ვიღაცას ჩემი ადგილი უნდოდა, თუმცა დღემდე არ ვიცი ვის“.
ციხის ცხოვრებას თავიდან ვერ ეგუებოდა, პირველი 17 დღე უამრავ ადამიანთან ერთად გაატარა. მერე დაკავებულები პატიმრობის მოტივის მიხედვით დააჯგუფეს საკნებში და როგორც ბედიშა ხარჩილავა ამბობს, „განათლებულები ცალკე საკანში მოათავსეს, ქურდობის, ნარკოტიკებისა და მკვლელობის მუხლით დაკავებულები ცალკე. „რთული იყო მძიმე წარსულგამოვლილ ადამიანებთან ურთიერთობა, ვცდილობდი ყველასთან მეპოვა საერთო ენა. ყველა დაძაბული იყო, მაგრამ არავის ვპასუხობდი, ჩემთვის ვიყავი და, ძირითადად, წიგნების კითხვით გამყავდა დრო. ლექსებს ვწერდი ოჯახზე, თავისუფლებაზე და წალენჯიხის ადგილობრივ გაზეთში ვგზავნიდი ციხიდანვე, გამოსაქვეყნებლად“.
ყოფილი პატიმარი ამბობს, რომ ციხეში ცუდად არავინ ექცეოდა, დასძენს, რომ თვითონაც კანონმორჩილი იყო და პრობლემებს არ ქმნიდა. სასჯელი თბილისის ქალთა კოლონიაში მოიხადა.
როგორც თვითონ ამბობს, საპატიმროში დედასავით ზრუნავდა ყველაზე. ტყუპისცალ ძმას ხშირად მიჰქონდა მასთან გემრიელი მეგრული კერძები და ყველას თანაბრად უმასპინძლდებოდა. ციხიდან გამოსვლისას თავისუფლება მიულოცეს, მაგრამ გულიც დასწყდათ: ვინღა გაგვანებივრებს შენსავით ელარჯითო.
გათავისუფლების შემდეგ გარემოსგან ზეწოლა არასდროს უგრძვნია. ყველა ამხნევებდა, გვერდით ედგნენ ოჯახის წევრებიც.
„მეუღლე პენსიონერია, ტაქსისტია. ძალიან მამხნევებდა ციხეში ყოფნის დროს. ყოველთვის მაკითხავდა, ბავშვივით ტიროდა და ერთი სული ჰქონდა როდის გავთავისუფლდებოდი“, – ამბობს ყოფილი პატიმარი. – „რაიონში არავისგან მიგრძვნია ეჭვის თვალით შემოხედვა. ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს თანამშრომლებთან, მეზობლებთან, მეგობრებთან“.
დარდს კიდევ ერთი დიდი დარდი დაემატა: ჩემს გარდაცვლილ გოგოს ორი გოგონა ჰყავს. უფროსს მხედველობის პრობლემა აქვს, ერთ თვალზე ჰქონდა გართულებები და მეორეზეც გადაუვიდა, მეორეს ხერხემლის გამრუდება დაემართა. ორივეს მკურნალობა სჭირდება. სიძე კარგი ადამიანია, მაგრამ ყველა პრობლემას ვერ სწვდება. არ ვიცი. რით უნდა დავეხმაროთ“.
ფონდმა „თანაზიარმა“ „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროგრამის ფარგლებში ციხიდან გათავისუფლებულ ბედიშა ხარჩილავას ძროხა აჩუქა. პროექტ „აწარმოე საქართველოში“ გაიმარჯვა და სამი ძროხა მათგან მიიღო. ამზადებს ყველს, ნადუღს, სულგუნს, კარაქს და ხაჭოს. თბილისში ყველის ფესტივალზე, ორი წლის წინ სამეგრელოს ყველის მწარმოებლებს შორის პირველი ადგილი დაიმსახურა.
ბედიშა ხარჩილავა ყოველდღიურ ცხოვრებაზე გვიყვება.
„დილით შვიდ საათზე ვდგები, ძროხებს ვუვლი და სამსახურში მივდივარ. მეუღლე და უფროსი ვაჟიც მეხმარებიან. თუმცა, მესაქონლეობით, ძირითადად, მე ვარ დაკავებული. ფონდ „თანაზიარის“ სოციალური მუშაკი ციხეშიც მაკითხავდა, მამხნევებდა. ძალიან მიყვარს, საკუთარი შვილივით. აუცილებლად დავწერ მის შესახებ და წალენჯიხის გაზეთში გამოვაქვეყნებ“.
ოჯახს თხილიც მოჰყავს, მაგრამ წელს მოსავალი ფაროსანამ გაანადგურა. საკარმიდამო ეზოში ოჯახისთვის სამყოფი ხეხილი მოჰყავთ. მეგრული ჯიშის ძროხების გარდა, რომელიც ცხიმიან, მაგრამ ცოტა რძეს იძლევა, ყოფილ პატიმარს სარძევე ჯიშის ძროხების შეძენაც სურს.
„მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სიმწარე ვიწვნიე, მაინც ვცოცხლობ. უფროსი ვაჟი, მისი ოჯახი და ჩემი მეუღლე მაძლებინებს. შვილიშვილი ანდრეა პირველ კლასშია და მამხნევებს, მახალისებს, სკოლაში, ცეკვაზე დავყვები და ასე მიდის ჩემი ცხოვრება“, – ამბობს ბედიშა ხარჩილავა და გვთხოვს მისი ისტორიის წერისას სახელი და გვარი არ დავმალოთ. მიიჩნევს, რომ ყველაფერზე ღიად საუბარი ადამიანს შვებას გვრის და ტვირთს უმსუბუქებს.
წყარო: გაზეთი "ბათუმელები"