14-09-2021
რა ჰქვია იმ საქციელს, თუ არა ეკლესიის წინააღმდეგ პირდაპირი ბრძოლა, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ხაშურის მერობის კანდიდატის, თენგიზ ჩიტიაშვილის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს გუშინ არ დაწყებულა და ეს ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში მოვიდოდა.
„კარგად გახსოვთ, მათ მიერ თანმიმდევრული, დამაზიანებელი მუშაობა ეკლესიის, საპატრიარქოს, პატრიარქის წინააღმდეგ, როგორ ებრძოდნენ ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში. შემდეგ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ეკლესიების ნგრევით დაიწყეს მმართველობა და შემდეგ გააგრძელეს შანტაჟი და ტერორი ჩვენი სასულიერო პირების და არნახული ზეწოლა, რომელიც ყველამ კარგად იცის ამ ქვეყანაში. პატარა ქვეყანაა და არაფერი იმალება ჩვენს ლამაზ ქვეყანაში. რაც ვნახეთ პატრიარქის წინააღმდეგ ის ბინძური ცილისმწამებლური კამპანია, რა თქმა უნდა, მომდინარეობს სააკაშვილისგან და მისი ტელევიზიებისგან. გუშინ მოვისმინეთ ერთ-ერთი მთავარი გარყვნილების პროპაგანდისტი გვარამიას გამოსვლა, როგორ წუხს რომ დაიცავს „ეთიკას" და რაღაც ნორმებს და თურმე არ გამოაქვეყნებს ბოლომდე იმ მათ მიერ ფალსიფიცირებულ ჩანაწერებს და რაღაც შეთითხნილ, შეთხზულ ცნობებს. აი ეს არის მათი ფარისევლური სახე, მათი მტრული სახე, რომელიც ყველამ ნახა უკვე ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ეს არის მტრობა სახელმწიფოს წინააღმდეგ, მტრობაა, როცა შენ მიზანმიმართულად გეგმავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ ასეთ ბინძურ პროვოკაციას. ოკუპირებულ ქვეყანაში, მეგობრებო, არ დაგვავიწყდეს, ოკუპირებულ ქვეყანაში, როცა რუსული ჯარი დგას აქედან 50 კილომეტრში, აი ეს ადამიანები აწყობენ ასეთ დესტაბილიზაციას და ცდილობენ მუდმივი პროვოკაციებით ჩვენი ხალხის დაძაბვას, მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ ეს არ არის 90-იანი წლები, როცა კრიმინალები მართავდნენ ქვეყანას და ეს არ არის 2003 წელი და ილუზია არ ჰქონდეს ვინმეს. იქნება ნულოვანი კომპრომისი და ჩვენ არ დავუშვებთ არავითარ პროვოკაციას. ყველას გაეცემა საკადრისი პასუხი და ყველა მტერი და ჩვენი ქვეყნის მოღალატე მიიღებს საკადრის პასუხს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.