გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავარი გამოწვევა არის სიღარიბე და უმუშევრობა და სწორედ ამ მთავარი პრობლემის დაძლევაზე არის მორგებული ყველა ის პროგრამა და გეგმა, რომელიც შევიმუშავეთ

14-09-2021

მშვიდობა და სტაბილურობა არის მთავარი მონაპოვარი და თავისუფლება ზოგადად ჩვენი მოქალაქეების,  რაც პირველმა ოქტომბერმა მოიტანა და განვითარება ყველა მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ქარელის მერობის კანდიდატის, ზაზა გულიაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული არაერთი მიმართულებით, მათ შორისაა ინფრასტრუქტურა, გზების, ხიდების მშენებლობა, წყალგაყვანილობის პროექტები, ირიგაციის, სამელიორაციო სისტემების აღდგენის პროექტები, სოფლის მეურნეობის პროგრამები და პროექტები, რომელიც წარმატებულად მუშაობს.

„ძალიან ბევრმა ადამიანმა ისარგებლა სახელმწიფო პროგრამებით, ათასობით ჰექტრობით მიწები გაშენდა, გავაშენეთ მრავალწლოვანი კულტურები, ხეხილი, ბაღები და  უამრავი საწარმო  და მათ შორის გადამამუშავებელი საწარმოები დაფინანსდა მთელი ქვეყნის მასშტაბით და ქარელი ამ მხრივ გამორჩეულია. 2 მილიარდზე მეტია დახარჯული ბოლო წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის მიმართულებით. რაც შეეხება ზოგადად ადგილობრივი წარმოების მიმართულებას,  პროგრამით, როგორიც არის "აწარმოე საქართველოში", ასობით პროექტი  დაფინანსდა  და კიდევ უფრო მეტს დავაფინანსებთ. ახლა ჩვენ ვიწყებთ მასშტაბურ პროექტებს. ჩვენი მთავარი გამოწვევა არის სიღარიბე და უმუშევრობა  და სწორედ ამ მთავარი მიზნის, მთავარი პრობლემის დაძლევაზე არის მორგებული ყველა ის პროგრამა და გეგმა, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ. 2 მილიარდ 500 მილიონი ლარის ინვესტიციას ვგეგმავთ მთავრობა და ბიზნესი  იმისთვის, რომ ადგილობრივი წარმოება განვავითაროთ. ადგილობრივი წარმოების და სოფლის მეურნეობის განვითარება არის გამოსავალი ამ სიტუაციაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, შესწავლილია თითოეული რეგიონის და მუნიციპალიტეტის პოტენციალი და რესურსი და პროგრამები რეგიონების მიხედვით თანაბრად გადანაწილდება.

„მინიმუმ 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება ამ მასშტაბური პროგრამის დაფინანსების შედეგად. 1 300-მდე ახალი საწარმოს დაფინანსებას ვგეგმავთ. გვაქვს განსაზღვრული, იდენტიფიცირებული 350-მდე მიმართულება, რომელიც უნდა დაფინანსდეს. ჩვენ ეტაპობრივად უნდა ჩავანაცვლოთ იმპორტირებული საქონელი და დავიწყოთ ყველაფრის წარმოება ადგილზე. ეს რა თქმა უნდა, ჩვენს ხალხს დაეხმარება, მეტ სამუშაო ადგილს შექმნის და ოჯახები მოძლიერდება. სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ბატონ ლევან დავითაშვილს აქვს ძალიან კარგად ჩამოყალიბებული ხედვა. ჩვენ შევიმუშავეთ გრძელვადიანი განვითარების ხედვა. მომდევნო წლების განმავლობაში, 7 მილიარდი ლარი დაიხარჯება მხოლოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით, იმისთვის რომ, ფეხზე დავაყენოთ სოფელი, რომ არც ერთი გოჯი მიწა არ დარჩეს დაუმუშავებელი, რომ ჩვენს გლეხებს, ფერმერებს , მშრომელ ხალხს ვასწავლოთ მიწის დამუშავება უფრო უკეთესად, ახალი ტექნოლოგიებით, ახალი კულტურების გაშენებაში დავეხმაროთ. ამისთვის გვაქვს სპეციალური პროგრამები, როგორიც არის „დანერგე მომავალი", რომლითაც, პრაქტიკულად, უფასოდ შეუძლიათ მათ გააშენონ ახალი ბაღები, ხეხილის ბაღები, გრძელვადიანი, მრავალწლოვანი კულტურები და ა.შ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საჭიროებს მშვიდობას და სტაბილურობას. ქვეყანა ვერ გაუძლებს ამდენ რყევებს. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და, რა თქმა უნდა, განვითარების ხედვა, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.