გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მანქანებისა და უძრავი ქონების დალომბარდება აიკრძალება?!

19-04-2018

ლომბარდები შესაძლოა, მკაცრი რეგულაციის ფარგლებში მოექცნენ და მათ კერძო საკუთრების გირაოში მიღების შესაძლებლობა შეეზღუდოთ. მანქანებისა და უძრავი ქონების დალომბარდების აკრძალვაზე ფინანსთა მინისტრი უკვე ალაპარაკდა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სამომავლოდ შესაძლოა, ლომბარდებს საერთოდ აეკრძალოთ გარკვეული პროდუქტის შეთავაზება მოსახლეობისთვის, თუმცა ეს გადაწყვეტილება კერძო მევახშეების როლს გაზრდის, რაც ნამდვილად უკონტროლობამდე მიიყვანს ქვეყანაში არსებულ ისედაც რთულ ვითარებას.

"თამაშის ახალი წესები ლომბარდებზეც გავრცელდება. ბიზნესის წახალისებას ნამდვილად არ ემსახურება ის ფაქტი, რომ ლომბარდებს აქვთ უფლება, მიიღონ უძრავი ქონება", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დაუფარავად განაცხადა.

მისი თქმით, "თამაშის ახალი წესები" ლომბარდებსაც შეეხება. "მოვისმინე რამდენიმე ექსპერტის მოსაზრება, რომ თუ მოქალაქე ლომბარდში საკუთარ სახლს გარანტის სახით მიიტანს და ფულს აიღებს, ამით შესაძლებლობა ექნება, ბიზნესი დაიწყოს. რომელს გაქვთ იმის წარმოდგენა, რომ დალომბარდებული სახლით მიღებული თანხა სასტარტო კაპიტალად გამოდგება? მსგავსი ტიპის ტრანზაქციები პრობლემურ საკითხებს ემსახურება.

ცალსახად უნდა იყოს განსაზღვრული სექტორები, რომლებიც არ უნდა მონაწილეობდეს სალომბარდო სამსახურში. ეს მოძრავ ქონებასაც უნდა შეეხოს, მათ შორის, ავტომობილებს. პრობლემას, რომელიც დღეს დგას ლომბარდების საქმიანობასთან დაკავშირებით, ობიექტური საფუძველი აქვს", - აღნიშნა მინისტრმა.

ლომბარდებისა და კერძო გამსესხებლების რეგულაციას ადასტურებს "საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე. როგორც მან "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, საქართველოს ეროვნული ბანკი უკვე ემზადება ახალი რეგულაციებისთვის და შესაძლოა, ცვლილება არარეგულირებად საფინანსო სექტორსაც შეეხოს.

"ლომბარდში ადამიანი უკიდურესი შემთხვევის გარდა არ მიდის, ამაზე ყველა ვთანხმდებით. მისი მომხმარებელი არის საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანი. ბინისა და მანქანის ლომბარდში მაღალი პროცენტით ჩადება არც ღირს საერთოდ და სჯობს, რომ არც დაიწყონ ამ ფულით არანაირი საქმიანობა.

რა იქნება მომავალში და როგორი რეგულაციის ჩარჩოში ჩასხდებიან, არ ვიცი, თუმცა ვიცი რეგულაციები, რომლებსაც უკვე ეროვნული ბანკი ამზადებს და სულ მალე გახდება ყველასთვის ნათელი. შესაძლოა, მათი ცვლილება არარეგულირებად საფინანსო სექტორსაც შეეხოს, ანუ მევახშეებს.

არ მაქვს ამ ეტაპზე ინფორმაცია, თუ რას ამზადებენ კერძო გამსესხებლების შემთხვევაში, მაგრამ გარკვეული შეზღუდვა ამ მიმართულებითაც იქნება. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ რთულია არაფორმალური სექტორის დარეგულირება, თუმცა ვიცით, რომ ყველაზე დიდი რეგულაცია სწორედ ამ სექტორს სჭირდება", - აცხადებს კეპულაძე.

ლომბარდების საქმიანობის შეზღუდვა წაახალისებს და გაზრდის მევახშეების საქმიანობას, რაც ფინანსისტ ირაკლი ბერძენაძის აზრით, კიდევ უფრო უკონტროლოს გახდის მდგომარეობას. როგორც მან "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, თუ ლომბარდებისა და სხვა საფინანსო სექტორის დარეგულირებას დააპირებენ, აუცილებელია ჰქონდეთ ალტერნატივა, თუ როგორ მოიქცევიან კერძო გამსესხებლების გააქტიურების შემთხვევაში.

"უძრავ-მოძრავი ქონების დალომბარდების საკითხს შეეხო ფინანსთა მინისტრი. ეს ნამდვილად კარგი შემოთავაზებაა მისგან, მაგრამ საქართველო რომ ევროპის დონეზე იყოს, მაშინ მივესალმებოდი ამ ინიციატივას. ჩვენთვის ეს არის ცუდი გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანები, რომლებსაც ბანკი არ აძლევს სესხს, მიდიან ან ლომპარდში, ან მიკროსაფინანსოში. თუკი მათაც შევზღუდავთ, შემდეგ ისინი წავლენ კერძო მევახშეებთან, რაც უკონტროლო სიატუაციაში ჩააყენებს ყველასა და ყველაფერს.

ბახტაძის ინიციატივის სისრულეში მოყვანის შემთხვევაში, ქვეყანაში არ იარსებებს კონტროლირებადი საფინანსო სექტორი, არამედ იქნებიან მევახშეები საკუთარი არალეგალური ბიზნესით. შესაბამისად, ამ მხრივ ლომბარდების შეზღუდვას რა შედეგი მოჰყვება, ისიც უნდა გაითვალისწინონ და ალტერნატიული გადაწყვეტილება შეაგებონ", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ბერძენაძემ.

გაზეთი "რეზონანსი"