19-04-2018
რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ,,რუსთავსერვის ცენტრს’’ დღეიდან გიორგი გოროზია უხელმძღვანელებს.
თანამშრომლებს სამსახურის ახალი უფროსი ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ მოადგილე დავით კეკელიძესთან ერთად წარუდგინა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
გიორგი გოროზიას დღემდე რუსთავის დავით აღმაშენებლის სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის თანამდებობა ეკავა.
ახალი ხელმძღვანელის წარდგენის შემდეგ, ირაკლი ტაბაღუამ ,,რუსთავსერვის ცენტრის’’ თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის სამი თვის ანგარიში მოისმინა.
,,რუსთავსერვის ცენტრი’’ მერიაში განხორციელებული რეორგანიზაციის ფარგლებში, ორი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ,,უზრუნველყოფასა" და ,,დასუფთავების სამსახურის" გაერთიანების შედეგად შეიქმნა და მისი ხელმძღვანელის მოვალეობას, ამ დრომდე ბადრი მოდებაძე ასრულებდა. ის გიორგი გოროზიას პირველ მოადგილედ გააგრძელებს მუშაობას.
ა(ა)იპ ,,რუსთავსერვის ცენტრის’’ საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, პარკების, სკვერების და სხვა საჯარო ადგილების დასუფთავება, გარე განათების რეაბილიტაცია და სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, სანიაღვრე სისტემების, შუა გამყოფი ზოლების, ტროტუარების, სკვერების, ასევე მწვანე ნარგავებისა და სასათბურე მეურნეობის მოვლა-პატრონობა.