19-04-2018
ჭიათურაში მანგანუმის მოპოვება-გადამუშავებაზე დასაქმებულია 3 000-ზე მეტი ადამიანი. ქალაქში მცხოვრები ახალგაზრდებიდან თითქმის ყოველი მეორე, სკოლის დასრულების შემდეგ, მაღაროში იწყებს მუშაობას. ჭიათურელებისთვის ეს ერთადერთი რეალური დასაქმების წყაროა. მუშების საშუალო ხელფასი 500-800 ლარამდე მერყეობს. ისინი, დაბალ ანაზღაურებასა და მძიმე შრომასთან ერთად, საკმაოდ საშიშ სამუშაო პირობებს უჩივიან, "ჯორჯიან მანგანეზი" კი მაღაროელების პრეტენზიებს არ ეთანხმება.
ჭიათურის მაღაროებში დასაქმებული ახალგაზრდები, რომლებსაც სხვა პერსპექტივა არ აქვთ და რთული სოციალური პირობების გამო უწევთ იქ მუშაობა, საკუთარ სიცოცხლეს სასწორზე დებენ. ისინი ამბობენ, რომ ხელფასიც საკმაოდ დაბალია, ხოლო შრომის უფლებები საერთოდ არ არის დაცული. 24 წლის ლუკა კაპანაძე (რესპონდენტის თხოვნით, სახელი და გვარი შეცვლილია) "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ყოველი დილის გათენება და სამსახურში წასვლა მისი და ოჯახის წევრთა ნერვიულობით იწყება:
"დილით 8 საათზე მივდივარ სამსახურში, საკმაოდ მძიმე სამუშაოა როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურადაც. ფიზიკურ დაღლასთან ერთად, გამუდმებით ნერვიულობ, უცებ რამე არ დაგემართოს. ბევრ ოჯახში მინიმუმ თითო კაცი ოჯახის მარჩენალი ჩვენთან მაღაროში მუშაობს. ყველა საკუთარ სიცოცხლესა და ოჯახის კეთილდღეობას სასწორზე დებს, რადგან არ ვიცით, რა შეიძლება მოხდეს მაღაროში. ღმერთმა ყველა დაიფაროს და უბედური შემთხვევის დროს ჩვენი ოჯახები უპატრონოდ რჩებიან.
მამაჩემიც მაღაროში მუშაობს. დედა ხშირად ამბობს, რომ მისი ცხოვრების ნახევარი ამაზე ნერვიულობამ შეიწირა. სხვა გზა არ გვაქვს იმ ადამიანებს, ვინც ამ ქალაქში დავრჩით და ვერ წავედით დედაქალაქში სასწავლებლად. ჭიათურაში ასე მარტივად სამსახური, მით უმეტეს მამაკაცებისთვის, არ იშოვება. ზოგიერთს შეიძლება, სულ არ უნდა მაღაროში მუშაობა, მაგრამ იძულებულია, იქ იმუშაოს. ხელფასი 500-800 ლარია.
ჩვენ ვაცოცხლებთ ჭიათურასა და იმ საბადოს, რომელიც ქვეყნისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, ჩვენს სიცოცხლეს კი მუდმივად საფრთხე ემუქრება. ნუთუ იმის ღირსნიც არ ვართ, რომ ხელფასი გაგვიზარდონ ან პრემია მაინც მოგვცენ? რაღაც მონიტორინგის ჯგუფი არის, ჩამოდიან ტელევიზიებთან ერთად, რომ გააშუქონ. ვითომ ყურადღებას გვაქცევენ, მაგრამ დიდი არაფერი კეთდება და ხშირადაც არავინ ამოწმებს.
აყველა ამბობს, რომ ყურადღება ექცევა. მართალია, ადრე უარესი მდგომარეობა იყო, მაგრამ 21-ე საუკუნეში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ნორმალურ სახელმწიფოში ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე რატომ უნდა ემუქრებოდეს? თანაც ასეთი სასაცილო ხელფასი გვაქვს და დღის ნახევრზე მეტს სამსახურში ვატარებთ", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ლუკა კაპანაძემ.
სამუშაო ადგილზე მუშების კვებას უზრუნველყოფს "ჯორჯიან მანგანეზის" ქვეკონტრაქტორი მეწარმე. დასაქმებულთა მენიუ 10 წლის განმავლობაში არ შეცვლილა. მაღაროებში ნახშირჟანგის დიდი შემცველობის გამო მუშები ხშირად იწამლებიან, თუმცა, მათივე ინფორმაციით, სტაციონარში გადაყვანა და აღრიცხვა იშვიათად ხდება.
ჭიათურაში ამ და სხვა მიზეზების გამო საპროტესტო აქცია მაღაროელებს არაერთხელ გაუმართავთ, თუმცა შედეგი ჯერ არაფერს გამოუღია. სამუშაო გრაფიკი, კვება, დაზღვევა და ხელფასი იგივე რჩება, რაც იქამდე იყო.
ლამარა კუჭაშვილი 56 წლის დიასახლისია. ის ჭიათურაში ორ შვილსა და ქმართან ერთად ცხოვრობს. ოჯახიდან ორი კაცი - ქმარი და ვაჟი მაღაროში მუშაობენ, თუმცა ყოველი დღე შიშით თენდება მათ ოჯახში:
"საღამოს ჯანმრთელი და უვნებელი ქმარ-შვილი რომ მიბრუნდება, ჩემზე ბედნიერი არავინ არ არის. რთულია მთელი დღე ნერვიულობა. ჩემმა ვაჟმა რომ მაღაროში მუშაობა დაიწყო, ლამის გავგიჟდი. მეუღლეზე მიჩვეული ვიყავი და შვილზე სულ სხვა განცდა დამეუფლა. სხვა გზა არ იყო, მალე ცოლის მოყვანას აპირებს და უნდოდა, თავისი დანაზოგი ჰქონოდა.
სახელმწიფომ უფრო მეტად უნდა მიხედოს აქაურობას. ბუნების საჩუქარია მანგანუმი და მუშები, ვინც მართლა საკუთარი სიცოცხლის ფასად მუშაობენ და წიაღისეულის მოპოვებაში ეხმარებიან ქვეყანას, ნამდვილად დასაფასებლები არიან.
ბოლო დროს ტყიბულში მომხდარმა ამბებმა თავზარი დამცა. ვზივარ და ვფიქრობ: ერთ დღეს შეიძლება ჩემს შვილს დაემართოს რამე და ეს იქნება მხოლოდ სახელმწიფოს ბრალი, რომ რაღაცები ტექნიკურად არ არის ისე გამართული, როგორც უნდა იყოს. სამედიცინო დაზღვევა აქვთ ორივეს, მაგრამ ცუდად რომ გახდნენ, ბიულეტენზე გასვლის დრო შეზღუდული აქვთ და ბოლომდე ვერ იყენებენ. თანაც ეშინიათ, შემდეგ სამსახურში რამე პრობლემა არ შეექმნათ.
ახალგაზრდები უფრო მეცოდებიან, მთელ დღეს იქ ატარებენ, სამუშაო დღეც საკმაოდ ხანგრძლივია. არც პირადი ცხოვრებისთვის რჩებათ დრო და ჯანმრთელობასაც ინადგურებენ. კარგი იქნება, პირველ ეტაპზე თუ წაახალისებენ და ხელფასებს გაუზრდიან, შემდეგ კი პირობებს გაუუმჯობესებენ, თორემ ამ ხალხსაც თუ ყელში ამოუვიდა იქ მუშაობა, დარჩებიან მუშების გარეშე", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ლამარა კუჭაშვილმა.
სამუშაო ადგილებზე მომეტებული ტექნიკური საფრთხის კონტროლის მექანიზმი და მისი ეფექტურობა რომ უნდა გაიზარდოს, ამაზე ყველა ერთხმად თანხმდება. ხშირია შემთხვევა, როდესაც გვირაბის ჩამონგრევის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას იღებს მუშა ან უარეს შემთხვევაში იღუპება, რაზეც პასუხისმგებლობას იქ მცხოვრები და მომუშავე ხალხი სახელმწიფოს აკისრებს.
ჭიათურელთა პრეტენზიებს კატეგორიულად არ ეთანხმებიან "ჯორჯიან მანგანეზში". ისინი ყველას მოუწოდებენ, თავიანთი თვალით ნახონ, თუ როგორი პირობებია მაღაროებში დასაქმებულთათვის. სპეციალური მმართველის წარმომადგენელი ქეთი ხოსიტაშვილი შიშისა და ზეწოლის ფაქტებსაც გამორიცხავს.
"მიკერძოებულ განცხადებებსა და იმას, რომ ჩვენი კომპანია მუშებს ცუდ მდგომარეობაში აყენებს, თითქოს მათ არ აქვთ სამუშაო პირობები, არ ვეთანხმები. კონკრეტული საკითხი დასვან, რა არის პრობლემა, რის მოგვარებას ითხოვენ და გავცემთ პასუხს. არ ვეთანხმები არც ერთ მათ განცხადებას.
მედიის წარმომადგენლებს ყოველთვის შეუძლიათ ჭიათურაში ჩამოსვლა, რათა საკუთარი თვალით ნახონ, რა სიტუაციაც არის მაღაროში. მომუშავეთა ნაწილი იმასაც ამბობს, გამოკეტილები ვართ და შიშის ქვეშ ვმუშაობთო. ვინმე რომ ზეწოლის ქვეშ ჰყავდეთ, ეს ხალხი ხომ ვერ ილაპარაკებდა ასე საჯაროდ და ხმამაღლა? ამიტომ გთავაზობთ ყველას, მოხვიდეთ აქ და თქვენი თვალით ნახოთ ის პირობები, სადაც მაღაროელებს უწევთ მუშაობა", - განუცხადა "რეზონანსს" ხოსიტაშვილმა.
გაზეთი "რეზონანსი"