გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილმა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, შეასრულოს საკუთარი სამშვიდობო ფუნქცია კავკასიის რეგიონში

22-09-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.


შეხვედრა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შედგა.

პრემიერ-მინისტრმა საუბრისას კიდევ ერთხელ გაიხსენა თურქეთში სახელმწიფო ვიზიტი და პრეზიდენტ ერდოღანს მაღალი დონის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.


საუბარი შეეხო რეგიონში განვითარებულ მოვლენებს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს უმნიშვნელოვანესი მიზანია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერა და ქვეყანა მზად არის, შეასრულოს საკუთარი სამშვიდობო ფუნქცია კავკასიის რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.


საუბარი შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრის შუამავლობით და აშშ-ის ჩართულობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომლის შედეგად, სომხეთის მოქალაქეები გათავისუფლდნენ, ხოლო აზერბაიჯანს გადაეცა რუკები დანაღმული ტერიტორიების შესახებ. აღინიშნა, რომ ეს შეთანხმება კარგი საფუძველია მეზობლებს შორის შემდგომი თანამშრომლობისთვის.


ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტ ერდოღანის განსაკუთრებული ძალისხმევა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაში. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაფართოების პრიორიტეტულობაზე. გამოითქვა იმედი, რომ მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მომდევნო სხდომა წლის ბოლომდე გაიმართება.


მხარეებმა ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე. აღინიშნა, რომ რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივი პროექტები ეფექტური სტრატეგიული პარტნიორობის, მდგრადი განვითარებისა და საქართველოსა და თურქეთის საიმედო პარტნიორობის კარგი მაგალითია. შეხვედრისას, ასევე ყურადღება დაეთმო მრავალმხრივ თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატს - საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანი, რომლის ფარგლებშიც მხარეები სხვადასხვა სექტორის მიხედვით საკითხების ფართო სპექტრს განიხილავენ.


მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პრეზიდენტ ერდოღანის პერსონალურ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ისევე, როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში და მას მადლობა გადაუხადა.


შეხვედრის დასასრულს, პრემიერ-მინისტრმა, ნიუ-იორკში, თურქულ სახლში, საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.