გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თეა წულუკიანმა ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებს უმასპინძლა

25-09-2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ სამინისტროში უმასპინძლეს საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებს, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა. მინისტრმა მათგან სპორტის ამ სახეობაში არსებული სიტუაციისა და გამოწვევების შესახებ მიიღო ინფორმაცია და სამინისტროს სახელით მხარდაჭერა აღუთქვა.


თეა წულუკიანმა ამპუტანტ ფეხბურთელებს გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რათა მათი დაფინანსების გზები გამოინახოს და საერთაშორისო ტურნირებზე გამგზავრება უმტკივნეულოდ მოხდეს. მინისტრის განცხადებით, შშმ პირების სპორტში ჩართულობა და წარმატებით ასპარეზობა ორმაგად რთულია და უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს. შესაბამისად ეს ადამიანები სახელმწიფოსგან და გულშემატკივრისგან განსაკუთრებულ ზრუნვას და ყურადღებას იმსახურებენ.


პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ ამპუტანტ ფეხბურთელთა 2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა გამართული ხუთი მატჩიდან ორის მოგება მოახერხა და გათამაშება მე-11 ადგილზე დაასრულა. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ჩვენმა გუნდმა ბრძოლა 9-14 ადგილებისთვის გააგრძელა. პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ბელგიას დაუპირისპირდა და მეტოქე დიდი ანგარიშით - 8:0 დაამარცხა. ამპუტანტთა ნაკრებმა შემდეგი მატჩი გერმანიის წინააღმდეგ გამართა და მინიმალური სხვაობით 1:2 დამარცხდა. ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრაში საქართველოს ნაკრები უკრაინას შეხვდა. მატჩის ძირითადი დრო გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა, პენალტების სერია კი, უკეთესად ჩვენმა გუნდმა შეასრულა და მეტოქე - 3:1 დაამარცხა.


ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი პოლონეთში 12-დან 19 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა თურქეთისა და იტალიის ნაკრებ გუნდებთან ერთად, „დ" ჯგუფში დაიწყო. კონტინენტის პირველობის გამარჯვებული კი, თურქეთის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ესპანეთი ანგარიშით - 6:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებს (რომელთაგან უმეტესობა ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა) მჭიდრო თანამშრომლობა აქვს საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან, რომლის მხარდაჭერითაც სარგებლობს.