გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ანატოლი ბიბილოვმა სირიის პრეზიდენტი ოკუპირებულ ცხინვალში მიიწვია

20-04-2018

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი ცხინვალში მიიწვია. ამის შესახებ ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება.

ბიბილოვი სირიის დელეგაციას იალტაში საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვდა და სირიელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა.

„ყურადღებით ვადევნებთ თვალს სირიაში მიმდინარე მოვლენებს. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა თანაუგრძნობს სირიელ ხალხს, ვინაიდან კარგად ესმის, რასთან გაქვთ საქმე. დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანობა იზეიმებს და ხალხი კვლავ მშვიდობაში და კეთილდღეობაში იცხოვრებს. ამაში დიდ წვლილს რუსეთის მიერ გამოყოფილი დახმარებაც შეიტანს“, - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.

ცოტა ხნის წინ სირიაში არსებულ ვითარებას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა და ამერიკის შეერთებული შტატებისა და მოკავშირეების მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმები დაგმო. აფხაზეთმა სირიისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის მზაობა გამოთქვა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდ ბრიტანეთთან და საფრანგეთთან კოორდინაციით, სირიის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები 14 აპრილს განახორციელა. ეს პასუხი იყო ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე. კოალიციის ქვეყნები მიიჩნევენ, რომ 7 აპრილს სირიის სამთავრობო ძალებმა ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღი გამოიყენეს, რაზეც პასუხისმგებლობას სირიის მთავრობას და მის მოკავშირეებს, მათ შორის რუსეთს აკისრებენ. სირია და რუსეთი ამ ბრალდებებს უარყოფენ.

reginfo.ge