23-04-2018
ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე დროშის დგარისათვის 65 651 ლარის გამოყოფის საკითხმა არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია, კითხვები თანხის რაოდენობამ გააჩინა.
ქუთაისის მერიიის ინფრასტრუქტურულ სამსახურში განაცხადეს, რომ პროექტის ღირებულებას არა მერია, არამედ საპროექტო კომპანია ადგენს.
"ჩვენ საპროექტო ორგანიზაციას მივეცით დავალება, რომელმაც დაადგინა პროექტის ხარჯთაღრიცხვა", -განუცხადა "ნიუპრესს" მერიის ინფრასტრუქტურული სამსახურის უფროსის მოადგილემ მირზა ხიდაშელმა.
მისი თქმით, დროშის დგარი 45 მეტრის სიმაღლის, უჟანგავი მეტალისაგან უნდა დამზადდეს.
პროექტი შპს "სამართლებრივი ანალიზისა და ექსპერტიზის ცენტრმა" მოამზადა. ორგანიზაციამ გააკეთა ნახაზი და წარმოადგინა პროექტი, რომლის თანახმად, სამუშაოების ღირებულება 65 651 ათასი ლარით განისაზღვარა.
ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ ფასი დაგეგმილი სამუშაოების შესაბამისად განისაზღვრა.
შეგახსენებთ, მერიამ ტენდერი NAT180005887 ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე №70 ბინის მიმდებარედ დროშის დგარის მოწყობისათვის გამოაცხადა.
სატენდერო წინადადებების მიღება 3 მაისს იწყება და 8 მაისს მთავრდება.