23-04-2018
„2019 წლის დასაწყისიდან ენგურჰესის დიდი ხნით გაჩერება აფხაზეთის ჩაბნელებას გამოიწვევს“-ამის შესახებ გავლენიანი რუსული გამოცემის, «КоммерсантЪ»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:
ენგურჰესის გაჩერების დროს, ჩვეულებრივად, ასეთ პირობებში შექმნილი ენერგოდეფიციტი ელექტროდენის წრიული მიწოდების სქემით იფარებოდა რუსეთის ფედერაციიდან („ინტერ რაო“-ს მიერ), ძირითადად რუსეთის და ნაწილობრივ - საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. მაგრამ ახლა თბილისში ფიქრობენ, რომ ასეთი სქემით სარგებლობა საკმაოდ დიდ ხარჯებს გამოიწვევს, თანაც მაშინ, როცა გაზრდილია შიდა მოთხოვნილება და ზედმეტი ენერგიაც არ არსებობს. თავის მხრივ, რუსეთის სამხრეთშიც დამატებითი ელექტრონერგიის გამომუშავება, საქართველოსა და აფხაზეთში მიწოდების მიზნით, სულ უფრო რთული ხდება: ჯერ ერთი, რომ ყირიმის მიერთების გამო ადგილობრივი ენერგოსისტემა ძალიან გადატვირთულია, მეორე - ელექტროდენის გამომუშავების დამატებითი წყაროები ამოწურულია.
ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიას თქმით, ენერგოობიექტის რემონტი (მისი სიმძლავრე 1,3 გიგავატია) 2019 წლის თებერვალში უნდა დაიწყოს, რომელიც სამ თვემდე გაგრძელდება. რემონტი ადრეც ბევრჯერ ჩატარებულა, - დააზუსტა მან, - მაგრამ ასეთი ხანგრძლივი არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, საქართველოს აღარ შეუძლია აფხაზეთისთვის რუსეთში ელექტრონერგიის შესყიდვა, რადგან თბილისისა და სხვა მომხმარებლებისათვის დიდი დეფიციტი იქმნება“.
2017 წელს, როცა ენგურჰესი სარემონტოდ რამდენიმე კვირით გაჩერდა, საქართველო, რუსული „ინტერ რაო“-საგან, წრიული სქემით, დაახლოებით 200 მეგავატს ყიდულობდა, რაც აფხაზეთისთვის იყო აუცილებელი. ლევან მებონიას თქმით, საქართველო რუსეთიდან ერთ კილოვატსაათ ელექტროენერგიას 0,05 დოლარად იღებდა, აქედან 0,045 დოლარის დოტაციას მოსკოვი აკეთებდა, 0,005 დოლარის კი - საქართველო. „მაგრამ რადგანაც ახლა ვადები ძალზე დიდია - სამი თვის განმავლობაში უკვე მნიშვნელოვანი თანხა გროვდება - მისი გადახდა საქართველოსთვის მიუღებელია“, - განაცხადა ენგურჰესის ტოპ-მენეჯერმა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო აღარ აპირებს აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის შესყიდვას.
ლევან მებონიას თქმით, აფხაზეთი მუდმივად არღვევს ჯენტლმენურ შეთანხმებას ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გაყოფის თაობაზე, რომელიც 1990-იან წლებში იქნა მიღწეული: 60% - საქართველოს, 40% - აფხაზეთს. სოხუმს ბოლო თვეებში ელექტროენერგიის 95% მიჰქონდა (911 მილიონი კილოვატსაათი). ლევან მებონია ამბობს, რომ აფხაზეთი ელექტრონერგიის ფასსაც არ იხდის, მოლაპარაკება ამ საკითხზე უშედეგოდ დასრულდა.
რასაკვირველია, ენგურჰესის გაჩერების შედეგად ელექტრონერგია საქართველოსაც მოაკლდება, მაგრამ როგორც „კომერსანტს“ ენერგეტიკის სამინისტროში უთხრეს, „თბილისს აქვს სხვა წყაროები მისი შესყიდვისათვის“.
საქართველოს ელექტრობალანსი ისე მოწყობილი, რომ ზაფხულობით ზედმეტი ენერგიის ექსპორტი ხდება (მათ შორის რუსეთშიც), ხოლო შემოდგომა-ზამთარში - იმპორტი (რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან). ასე, მაგალითად, 2017 წელს „ინტერ რაო“-მ საქართველოს 501 მილიონი კილოვატსაათი მიაწოდა, მიიღო 262 მილიონი კილოვატსაათი. აფხაზეთისთვის გადასაცემი ელექტრონერგიის ფასის გადახდა რუსეთის ბიუჯეტიდან მოხდა: 2017 წლის დეკემბერში ფედერალურმა მთავრობამ „ინტერ რაო“-ს 2016-17 წლებში 772 მილიონი რუბლი გამოუყო. ამასთან, რადგან „ინტერ რაო“-ს აფხაზეთთან ცალკე შეთანხმება დადებული არ აქვს, ანგარიშგება ხდება საქართველოში ექსპორტიდან (სამხრეთ ოსეთთან სხვა სიტუაციაა).
აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელმა, ინფორმაციისა და პროტოკოლის (საოქმო) სამმართველოს უფროსმა ელზა ჭანბამ „კომერსანტ“-თან საუბარში განაცხადა, რომ „რუსეთის მხარდაჭერის იმედი გვაქვსო“. მისი თქმით, „ჩვენ სხვადასხვა სიტუაციების გათვლის მუდმივ რეჟიმში ვიმყოფებით და მხედველობაში ვიღებთ ენერგიის მოწოდების შეწყვეტის შესაძლებლობასაც“.
საქართველოში არ გამორიცხავენ, აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის გადაცემის საკითხი შეიძლება სოხუმ-მოსკოვის რთულ ურთიერთობებში არგუმენტად იქცეს. როგორც ექსპერტი დავით ავალიშვილი განმარტავს, რუსეთმა „ენერგეტიკული ჩიხის“ არსებობისას შეიძლება [ჯიუტ] აფხაზეთზე ზეწოლა მოახდინოს. მაგრამ მთავარი ისაა, რომ რუსეთიდან აფხაზეთში ელექტრონერგიის მიწოდების განხორციელება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. რუსეთის „სამხრეთის გაერთიანებული ენერგოსისტემა“ „დაძაბულ რეჟიმში“ მუშაობს, - ამბობენ „სისტემურ ოპერატორში“ („რაო ეეს“-ის დისპეტჩერი). „კომერსანტის“ წყარო განმარტავს, რომ „სამხრეთის გაერთიანებულ ენერგოსისტემას“ გენერაცია ტრადიციულად არ ჰყოფნის, განსაკუთრებით ყირიმის ენერგოსისტემის მიერთების შემდეგ. რუსეთის სამხრეთში ელექტრონერგიის გამომუშავება 2017 წელს 5%-ით გაიზარდა, მოხმარება კი - 9,1%-ით. შესაბამისად, „ცენტრი-სამხრეთის“ ელექტროგადამცემი ხაზები პიკური საათების დროს სრულადაა დატვირთული. „კომერსანტის“ კიდევ ერთი წყარო აღნიშნავს, რომ 2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ელექტროექსპორტი ჯერ არ დაწყებულა და შეიძლება საერთოდ არც დაიწყოსო. ამ ინფორმაციის გადამოწმება ვერ მოხერხდა - „ინტერ რაო“-ს იანვარ-მარტის სტატისტიკა ჯერ არ არსებობს, რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროში კი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.