გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გიორგი კვირიკაშვილი: აჭარაში განხორციელებული ყველა პროექტი რეგიონისა და ქვეყნის წინსვლას, თითოეული მოქალაქის ცხოვრების გაუმჯობესებას ემსახურება

23-04-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ ბათუმის საოლქო

ორგანიზაციის კონფერენციაზე აჭარაში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

 

მისი თქმით, აჭარაში განხორციელებული ყველა პროექტი რეგიონისა და ქვეყნის წინსვლას, თითოეული მოქალაქის ცხოვრების გაუმჯობესებას ემსახურება.
„მე ყოველთვის მიხარია, როდესაც აჭარაში ჩამოვდივარ და იგრძნობა ის განსაკუთრებული მაჯისცემა, გულისცემა, რომელიც მაღალი დინამიკით არის გამოწვეული. ძალიან მახარებს, რომ ტურისტული სეზონი აჭარაში უკვე არის 12 თვის განმავლობაში და ეს იგრძნობა არა მხოლოდ დიდ სასტუმროებში, არამედ საოჯახო სასტუმროებში და უკვე მოსახლეობის ფართო ფენები გრძნობენ საკუთარ თავზე იმ შემოსავალს,რომელიც ტურიზმს მოაქვს. 
მინდა, თქვენთან ერთად შევაჯამო აჭარაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ემსახურება რეგიონისა და ჩვენი ქვეყნის წინსვლას, თითოეული მოქალაქის ცხოვრების გაუმჯობესებას და ვისაუბრო დაგეგმილ პროექტებზეც, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებთ ჩვენ აჭარაში. 
აჭარაში ვასრულებთ ძალიან მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს, - ეს გახლავთ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა. ეს გზა აჭარის ტერიტორიაზე გააადვილებს საავტომობილო მიმოსვლას, გაიზრდება სატრანზიტო ტვირთბრუნვა. აჭარის ზღვისპირა ზოლიდან სატრანზიტო მოძრაობის ახალ გზაზე გადართვა ხელს შეუწყობს კურორტების ეკოლოგიურად გაჯანსაღებას.
ქობულეთის შემოვლითი გზის გარდა, მიმდინარეობს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი - ბათუმის შემოვლითი გზის 14კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა. 
ამასთან, მაღალმთიან აჭარაში, ხულო-ზარზმის მიმართულებით, 2020 წლისთვის დაგეგმილია ახალი, 47 კმ-იანი გზის გახსნა. ეს იქნება მაღალმთიან აჭარაში განხორციელებული ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის განხორციელების შედეგადაც მგზავრობის დრო ამ მიმართულებით საათ-ნახევრით შემცირდება.
ასევე დაგეგმილი გვაქვს ბათუმი - სარფის გზის 11 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა. ეს იქნება ევროპისა და აზიის ქვეყნების დამაკავშირებელი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი. 
მიმდინარეობს ბათუმის ნაპირდაცვისა და სანაპირო ზოლის მოწყობის სამუშაოები, რომლის ღირებულება 55 მილიონ ლარს აჭარბებს. 
მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკის განვითარების მიზნით, ჩვენ ვახორციელებთ სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“. ამ პროგრამის ფარგლებში აჭარაში 21 პროექტის განხორციელებას შევუწყვეთ ხელი, რაც მოიცავს ინდუსტრიულ, სოფლის მეურნეობის, სასტუმროებისა და სხვა მიმართულებებს, ჯამური ინვესტიციის მოცულობა 43 მილიონი ლარია. ეს პროექტები 900-მდე სამუშაო ადგილს ქმნის. 
ამავე პროგრამის მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში 520 პროექტია მხარდაჭერილი. თანადაფინანსების სახით 4 მილიონი ლარი გავეცით. პროგრამის - „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ათობით ჰექტრამდე ფართობზე გაშენდა ახალი ბაღები.
ჩვენ მობილიზებული გვაქვს ყველა რესურსი იმისათვის, რომ მაქსიმალურად განვავითაროთ რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურა. ამის ნათელი მაგალითია კურორტი გოდერძი, სადაც აქტიური განვითარების პროცესი მიმდინარეობს - უკვე მოეწყო შიდა გზები, შენდება 10-ზე მეტი ახალი სასტუმრო, მოეწყობა კიდევ 1320 მეტრის გზა და გვირაბი. ამასთან, იგეგმება „მწვანე ტბის“ ტერიტორიის განვითარება, უკვე დაწყებულია გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღის გაშენება. დარწმუნებული ვარ, კურორტი გოდერძი 4 სეზონის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მიმზიდველი ადგილი იქნება როგორც ტურისტებისთვის, ასევე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენი მოსახლეობისთვის.
ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით იგეგმება უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება - ბათუმის ბოტანიკური ბაღის ინფრასტრუქტურის მოწყობა, მათ შორის მწვანე კონცხი ბოტანიკურ ბაღს ახალი საბაგირო გზით დაუკავშირდება. 
წელს ჩვენს ქვეყანაში ტურისტების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა და ეს კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს. აჭარას აქვს ძალიან მდიდარი პოტენციალი და ჩვენ ყოველმხრივ შევუწყობთ ხელს აქ ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებას. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია აჭარაში მცხოვრები მოქალაქეებისთვის, რეგიონისთვის, ჩვენი ეკონომიკის წინსვლისთვის. 
აღსანიშნავია, რომ აჭარის რეგიონს შეემატა 160 განთავსების ობიექტი, მათ შორის, როგორც მაღალი კლასის მსხვილი სასტუმროები, ასევე, საოჯახო ტიპის სასტუმროები, ჰოსტელები და სხვა. 
უმნიშვნელოვანესია, რომ ტურიზმი ხდება შემოსავლების ერთ-ერთი უმთავრესი წყარო ჩვენი მოქალაქეებისთვის. აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ბატონ ზურაბთან ერთად ვისაუბრეთ, აუცილებელია, ყოველდღიურად იყოს 4 რეისი, დილით და საღამოს ჩამოფრენა-გაფრენა დედაქალაქიდან, რათა როგორც დილით, ისე საღამოს მომავალ მგზავრს ჰქონდეს დროულად წასვლა-წამოსვლის საშუალება და დედაქალაქთან კავშირი იყოს უზრუნველყოფილი. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, როგორც ტურიზმის ხელშეწყობისთვის, ასევე მეწარმეებისთვის და საქმიანი ადამიანებისთვის, რათა მათ დროული კავშირი შეძლონ დედაქალაქთან. 
მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო ზრუნავს მაღალმთიანი სოფლების მცხოვრებლებზე და მათ მაქსიმალურად გვერდში უდგას. დაწყებულია მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტი, რომელიც ჭეშმარიტად შეიძლება ითქვას, რომ არის ისტორიული მნიშვნელობის. სამუშაოების 65% უკვე შესრულებულია. პირველ ეტაპზე პროექტი 11 000 აბონენტის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს.
აჭარაში მაღალმთიანი სოფლის სტატუსი აქვს 215 სოფელს და, შესაბამისად, ამ სოფლების მოსახლეობა სარგებლობს ხელისუფლების მიერ დაწესებული ყველა შეღავათით“- განაცხადა პრემიერმა.
კვირიკაშვილმა აზიური ფაროსანის თაობაზეც ისაუბრა.
მისივე თქმით, სახელმწიფომ ძალიან დიდი ძალისხმევა გასწია იმ ზიანის მინიმუმამდე დასაყვანად, რაც ფაროსანამ მოუტანა დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას
„რაც შეეხება სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით განხორციელებულ პროექტებს, ჩვენ ამ მიმართულებით კომპლექსურად ვმუშაობთ. როგორც იცით, პარალელურად ხორციელდება რამდენიმე პროექტი. სახელმწიფოს მხარდაჭერით, პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში, აჭარაში გაიხსნა 13 ახალი საწარმო და გაფართოვდა 6 საწარმო. ახალი საწარმოების სრული ინვესტიცია 10 მილიონ დოლარზე მეტია. ჩვენ 400 ათასი დოლარის გრანტი გავეცით. ეს პროექტები 840-მდე ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს. ჩვენ მაქსიმალურად მხარს ვუჭერთ რეგიონში კოოპერატივების განვითარებას. აჭარაში უკვე 120-მდე კოოპერატივი მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სახელმწიფომ ძალიან დიდი ძალისხმევა გასწია იმ ზიანის მინიმუმამდე დასაყვანად, რაც აზიურმა ფაროსანამ მოუტანა დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას. ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოს არაერთი ქვეყნისთვის. ამ მიმართულებით მთავრობა მაქსიმალურად აქტიურად და კოორდინირებულად მუშაობს. თუმცა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის ინტენსიურ ჩართულობას, მათი მხრიდან სპეციალისტების რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებას, რადგან მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი ამ გამოწვევასთან გამკლავება. 
არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ცოტა ხნის წინ ჩვენ ბათუმის საზღვაო აკადემიას გადავეცით თანამედროვე სტანდარტების გემი „კადეტი“, რომლის ღირებულება მილიონ რვაასი ათასი ლარია. აკადემიას თავისი 90-წლიანი ისტორიის განმავლობაში საკუთარი სასწავლო-საწვრთნელი გემი არ ჰქონია. ჩვენ უნდა მოვამზადოთ მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი სპეციალისტები. ეს გემი აკადემიას საშუალებას მისცემს, უპასუხოს საერთაშორისო სტანდარტებს, რომლის მიხედვითაც თითოეული სტუდენტი ვალდებულია, გაიაროს პრაქტიკა გემზე.
მინდა შევეხო აჭარაში დევნილთა განსახლებისა და ეკომიგრანტების საკითხს. ჩვენ სახლები გადავეცით 440-ზე მეტ ეკომიგრანტ ოჯახს, ბათუმში კი, დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის, 380-მდე ოჯახისთვის შენდება ორი 16-სართულიანი კორპუსი.
ჩვენ ვაგრძელებთ ზრუნვას იმისთვის, რომ თითოეულ მოქალაქეს მაქსიმალურად მიუწვდებოდეს ხელი სახელმწიფო სერვისებზე. უკვე ფუნქციონირებს მუხაესტატეს და ჩაქვის საზოგადოებრივი ცენტრები. ასევე, საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობას ვგეგმავთ დაბა შუახევში.
ბათუმში აშენდა საერთაშორისო სტანდარტების სარაგბო ბაზა, შენდება UEFA-ს სტანდარტების 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი და 3000 მაყურებელზე გათვლილი სპორტის სასახლე, ასევე დაგეგმილია ოლიმპიური აუზის მშენებლობა. 2018 წელს, მოგეხსენებათ, ბათუმი მასპინძლობს ევროპის ვაჟთა ინდივიდუალურ ჩემპიონატს ჭადრაკში და მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას.
რეგიონში რეაბილიტირდა გონიო-აფსაროსის ციხე, სხალთის სამონასტრო კომპლექსი, მიმდინარეობს პეტრას ციხის, ხინოწმინდის სამონასტრო კომპლექსის და ხიხანის ციხის რეაბილიტაცია.
მეგობრებო, ამ პროექტების განხორციელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა. ჩვენს გუნდს აღებული აქვს უდიდესი პასუხისმგებლობა და ჩვენ ვალდებული ვართ გავამართლოთ ჩვენი ხალხის მიერ გამოცხადებული ნდობა. 
მინდა, ასევე აღვნიშნო განსაკუთრებული აქტივობა და ზრუნვა აჭარის ხელისუფლების მხრიდან იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც არის რეგიონში. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ზურაბ პატარაძეს, მისი მხრიდან პრაქტიკულად ყოველდღიური კომუნიკაციაა იმ საკითხების გადაჭრისთვის, რომლებიც დღეს არსებობს აჭარაში. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ქალაქის მერს, მაჟორიტარ დეპუტატებს, რეგიონის ხელმძღვანელებს, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, ვინაიდან მათი ჩართულობის გარეშე, იმის გარეშე, რომ მათ იგრძნონ თითოეული ადამიანის ტკივილი, მოიტანონ ეს პრობლემები იქ, სადაც პრობლემების გადაწყვეტა შეიძლება, ასევე მაქსიმალურად ადგილზე გადაწყვეტილებების ოპერატიულად მიღების გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა ასეთი წარმატების მიღწევა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ ილუზიაში, ძალიან კარგად ვხედავთ იმ პრობლემებს და გამოწვევებს, რომლებიც დღეს ქვეყნის წინაშეა. დღეს კიდევ გვყავს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ ის კურსი, რომელიც აღებულია და თანმიმდევრული წარმატებების მშენებლობა, აღმშენებლობის პროცესი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, გვაძლევს საბაბს, ყველას გვქონდეს გარკვეული სიამაყის გრძნობა, რადგან ჩვენს ზურგსუკან უკვე არის მიღწეული წარმატებები. რა თქმა უნდა, კონსოლიდაციით, ერთად დგომით, პარტიის აქტივის ძალიან მნიშვნელოვანი ყოველდღიური შრომით, შესაძლებელია მივაღწიოთ კიდევ უფრო დიდ წარმატებას.
ჩვენ შემოდგომაზე გვაქვს მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნები. 
“ქართული ოცნება” წარდგება ღირსეული კანდიდატით და აქაც, ჩვენი ერთად დგომით, დაუღალავი შრომით, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, კიდევ ერთ წარმატებას მივაღწიოთ ჩვენი პარტიის სახელით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, გისურვებთ წარმატებებს, გვიგულეთ თქვენს გვერდით ჭირსა და ლხინში. დიდი მადლობა იმ წვლილისთვის, რომელიც თქვენ შეგაქვთ”- განაცხადა პრემიერმა.