24-04-2018
ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 მონაკვეთის მშენებლობა სრულდება. ახალი გზა ექსპლუატაციაში ზაფხულში, ტურისტული სეზონის დაწყებამდე შევა და თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დროს, დაახლოებით 20-30 წუთით შეამცირებს. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
დეპარტამენტის დაკვეთით, ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 ლოტზე 18 კმ-იანი მონაკვეთი აშენდა.
ამ მონაკვეთზე სულ 15 ხიდია. მათ ასაგებად ახალი ტექნოლოგია – ბურჯებზე მოძრავი სისტემის ყალიბი გამოიყენეს. ახალი ტექნოლოგიით აშენდა სოფ. საჩინოსთან, საქართველოში ყველაზე გრძელი სახიდე გადასასვლელი, რომლის სიგრძე 1 180 მეტრია. სამშენებლო სამუშაოზე 400-მდე ადამიანია დასაქმებული.
პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და მისი ღირებულება 209 852 079.67 ლარია.
უწყების ცნობით, მალე ბათუმის შემოვლითი გზის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დაიწყება. პროექტის ფარგლებში აშენდება 2-ზოლიანი ასფალტის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი. პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა, ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად, სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში.