24-04-2018
„მინდა, დავიწყო მადლობით და ყველა თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ ჩართულობისთვის, იმ წვლილისთვის, რომელიც შეგაქვთ იმ აღმშენებლობის საქმეში, რომელსაც “ქართული ოცნების” ხელისუფლება აწარმოებს ქვეყანაში. მინდა, გთხოვოთ, მოგიწოდოთ მომავალშიც აქტიურად იყოთ ჩართული ყველა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ვინაიდან თქვენი ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“-ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა “ქართული ოცნების” ზუგდიდის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„სამეგრელოს ყოველთვის ეთქმოდა განსაკუთრებული სიტყვა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და დიდი იმედი მაქვს, ის სულისკვეთება, რომელიც ამ დარბაზშია, განსაკუთრებით, “ქართული ოცნების” აქტივის წევრებში, ასეთივე იქნება, ვინაიდან ჩვენ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. რა თქმა უნდა, ზურგსუკან ჩვენ უკვე გვაქვს გაკეთებული საქმეები, რაც სიამაყის საფუძველს გვაძლევს, მაგრამ მომავალში კიდევ უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი, რომ აღმშენებლობის პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ და თითოეულ ოჯახში მივიდეს კეთილდღეობა.
დღეს მინდა, გარკვეულად გადავხედოთ წარსულ წლებს, ვისაუბროთ გაკეთებულ საქმეებზე და ასევე სამომავლო გეგმებზე, მაგრამ მინდა, ყველა ჩვენგანს ჰქონდეს სიამაყის გრძნობა, რადგან ჩვენ მნიშვნელოვანი ცვლილება მოვახდინეთ ქვეყანაში. დღემდე ჩვენ განვვლეთ მნიშვნელოვანი გზა, განვახორციელეთ უმნიშვნელოვანესი რეფორმები ყველაზე საჭირბოროტო სფეროებში - ჯანდაცვის სფეროში, სოფლის მეურნეობაში... ქვეყანაში მოვიტანეთ სტაბილურობა გონივრული და პრაგმატული საგარეო პოლიტიკით და რა თქმა უნდა, წინ გვაქვს გზა, რათა თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს ის კეთილდღეობა, რომელიც აუცილებელია, რომ წელში გამართულმა ვიაროთ და მომავალს იმედის თვალით ვუცქიროთ.
ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ მნიშვნელოვანი გარდატეხა შემოიტანა ჩვენს ცხოვრებაში და მინდა, თქვენთან ერთად შევაჯამო სამეგრელოსა და სვანეთში განხორციელებული ყველაზე დიდი პროექტები, რომლებიც პირველ რიგში ემსახურება რეგიონში ცხოვრების დონის გაუმჯობესებასა და განვითარებას“-განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, სამეგრელოში დაიწყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა.
„ეს არის საუკუნის მართლაც პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის. ანაკლიის ნავსადგური იქნება ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ლოგისტიკური ცენტრი მთელ რეგიონში. პროექტის ჯამური ღირებულება რამდენიმე მილიარდი დოლარია. ეს არის პროექტი, რომლის საშუალებითაც შეიქმნება ათასობით ახალი სამუშაო ადგილი, შემოვა ინვესტიციები. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სახით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში ჩნდება განვითარების ძალიან დიდი შესაძლებლობები.
აქვე ვიტყვი, რომ დაგეგმილია პორტთან მისასვლელი 17 კმ-იანი გზის მშენებლობა. მისი ღირებულება 11 მილიონ ლარამდეა. ამჟამად რეგიონში მიმდინარეობს სამუშაოები გზების რეაბილიტაციის 11 პროექტზე. სულ უნდა შესრულდეს 25 მილიონზე მეტი ლარის სამუშაოები.
რა თქმა უნდა, ეს ინვესტიციები პირველ რიგში განკუთვნილია ადგილობრივების დასაქმებისთვის. ჩვენ ასევე ვახორციელებთ მასშტაბურ პროექტებს იმისათვის, რომ საბოლოოდ გადავჭრათ წყალმომარაგების პრობლემა ზუგდიდში, სენაკში, აბაშასა და ჯვარში. წყლის პრობლემა უკვე მოვაგვარეთ ანაკლიაში, მესტიასა და ფოთში, სადაც მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს. წელს ზუგდიდისა და ჯვრის მოსახლეობას მოუგვარდება პრობლემა, რომელიც მათ ათწლეულების განმავლობაში აწუხებდათ“-აღნიშნა კვირიკაშვილმა.
პრემიერის განცხადებითვე, რეგიონის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტისთვის დახარჯულმა თანხამ, 2013 წლიდან დღემდე 91 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. დაიგო ახალი გზები, განხორციელდა წყალმომარაგების, გაზიფიცირების და ნაპირდაცვითი სამუშაოები.
„გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ რუხში დასრულდა მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოები. აქ იქნება უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თანამედროვე სამედიცინო ცენტრი, რომელიც რეგიონის მოსახლეობასთან ერთად ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებსაც მოემსახურება.
აქვე მინდა ვთქვა, რომ სოფელ რუხში მოეწყო სავაჭრო ცენტრი, რომლითაც ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, სარგებლობენ ჩვენი აფხაზი დები და ძმები. ასე რომ, ეს პროექტი მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით არ არის მნიშვნელოვანი, არამედ გახლავთ ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან შეხვედრის ადგილი.
თქვენ იცით, რომ ჩვენ შევიმუშავეთ ახალი სამშვიდობო ინიციატივა -„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ". ეს ინიციატივა ითვალისწინებს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც მიზნად ისახავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების, ვაჭრობის წახალისებას.
იმედი მაქვს, ეს და სხვა კონკრეტული პროექტები გახდება ჩვენი შერიგების პოლიტიკის ეფექტიანი ინსტრუმენტები ურთიერთობების აღდგენისა და დაახლოებისთვის ეფექტური ნაბიჯები. რა თქმა უნდა, ეს სათანადოდ აისახება სამეგრელოში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ პირობებზეც.
აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, რომლის ძალისხმევითაც, გასული დღეების განმავლობაში კიდევ 22 უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანის ნეშტი იქნა აღმოჩენილი და მიწას მიბარებული. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევით, დღემდე 148 უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანის ნეშტი იქნა აღმოჩენილი და მიწას მიბარებული სათანადო პატივით. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, რადგან მათ აქვთ მინიჭებული მანდატი, არ გაუმხილონ მესამე მხარეს ინფორმაციის წყარო, საიდან იღებენ ცნობას დაკარგული ადამიანების თუ მათი ნეშტების ადგილსამყოფელის შესახებ. ამიტომ, მინდა, მოვუწოდო ყველას, თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ადგილმდებარეობის შესახებ, მიაწოდონ ცნობა ამ ორგანიზაციას, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია, ნეშტები დაუბრუნდეს ოჯახებს, სათანადო პატივით იქნას დაკრძალული, როგორც ქართველების, ისე - აფხაზების და ოსების“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმითვე, წელს დაიწყება ფოთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი - მდინარე რიონზე ფოთის ხიდის მშენებლობა. ამ პროექტის ღირებულება 50 მილიონი ლარია. რეგიონში ჯამში 7 ახალი ხიდი აშენდა.
„სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში რეგიონში დაფინანსდა 27 პროექტი, რაც 2 300-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს.
მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში მხარდაჭერილია 800-მდე პროექტი.
ვიდრე სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ვისაუბრებდე, მინდა აუცილებლად შევეხო იმ უდიდეს გამოწვევას, რომლის წინაშეც აზიურმა ფაროსანამ დაგვაყენა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სხვა სამთავრობო სტრუქტურებთან ერთად, ასევე პარლამენტის ჩართულობით, ინტენსიურად და კოორდინირებულად მუშაობს. უკვე დაწყებულია საველე სამუშაოების ორგანიზება, შეწამვლითი ღონისძიებები და მასშტაბური საინფორმაციო კამპანია. გამოყოფილია შესაბამისი საბიუჯეტო სახსრები. იცით, რომ აზიურ ფაროსანას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ებრძვიან და მნიშვნელოვანია, რომ შედეგის მიღება, მხოლოდ მოსახლეობის უშუალო, აქტიური ჩართულობით და მათი მხრიდან შესაბამისი სპეციალისტების რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებით არის შესაძლებელი.
რაც შეეხება სახელმწიფო პროექტებს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით - შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, გაიხსნა 21 ახალი საწარმო და გაფართოვდა და გადაიარაღდა 42 არსებული საწარმო. ახალ საწარმოებში ჯამური ინვესტიცია 26 მილიონ დოლარზე მეტია. დასაქმდა 2650-მდე ადამიანი. ეს არის ახალი სამუშაო ადგილები.
პროექტის - „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენდა 51 ბაღი, 370-მდე ჰა მიწის ფართობზე, რისთვისაც 2.6 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა“-განაცხადა პრემიერმა.
კვირიკაშვილი საამაყოს უწოდებს ფაქტს, რომ თბილისის შემდეგ, ტექნოლოგიური პარკი სწორედ ზუგდიდში გაიხსნა, რომელიც თბილისის ტექნოპარკის მსგავსად თანამედროვე ტექნიკითა და ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი.
„სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს აქვს უზარმაზარი პოტენციალი ტურიზმის განვითარების კუთხით. ახლა აქ არაერთი პროექტი ხორციელდება, რომელთა დასრულების შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება ტურისტების რაოდენობა.
ბოლო სამი წლის განმავლობაში რეგიონს 11 ახალი სასტუმრო შეემატა და მომავალ წლებში ამ მიმართულებით, კიდევ მრავალი პროექტის განხორციელება იგეგმება.
ენგურჰესის კაშხალზე ვაშენებთ მსოფლიო დონის ატრაქციას. ეს იქნება მრავალფუნქციური ტურისტული ზონა, რომელიც ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვას და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. ენგურჰესის ტურისტული ცენტრი, დარწმუნებული ვარ, გახდება საქართველოს უმნიშვნელოვანესი სავიზიტო ბარათი.
მარტვილის კანიონი კიდევ ერთი ძალიან საინტერესო და პერსპექტიული ადგილია ტურისტული თვალსაზრისით. იქ უკვე მოეწყო ტურისტული ინფრასტრუქტურა და დღეს ეს კანიონი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიაა, რომელსაც ყოველწლიურად დაახლოებით 150 ათასი ვიზიტორი სტუმრობს.
ჩვენ ვაგრძელებთ საბაგიროების მშენებლობას სვანეთში. მხოლოდ მესტია-ჰაწვალის საბაგიროს პროექტი, რომელიც გასულ წელს განხორციელდა, 17 მილიონი ლარის ღირებულებისაა. მან დააკავშირა მესტიის ცენტრი ჰაწვალის საბაგიროსთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო დამატებით ტურისტების მოზიდვისთვის და ადგილობრივად ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის. იცით, რომ 5 სოფელში დავამონტაჟეთ მინი საბაგიროები, რომლებიც ძალიან მიმზიდველი გახდა ადგილობრივი ბავშვებისთვის, ახალგაზრდა თაობისთვის და იქ უკვე შეჯიბრებებიც კი ეწყობა. მოგეხსენებათ, ჩვენ ინფრასტრუქტურას ვაშენებთ პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენი ბავშვები მასობრივად უნდა ჩავრთოთ სპორტულ აქტივობებში და ეს არის სწორედ მინი-საბაგიროების დამონტაჟების მთავარი მიზანი.
ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩავატარეთ თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტის პოტენციალის მთლიანად ასათვისებლად, რაშიც საერთო ჯამში 100 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. თეთნულდი ოთხივე სეზონის განმავლობაში უმასპინძლებს ტურისტებს“-აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, ამ ულამაზეს რეგიონში მთებს მართლაც განსაკუთრებული ხიბლი აქვს, იზიდავს უამრავ მნახველს, მაგრამ ჩვენი ქვეყანა მხოლოდ მაშინ იქნება წელგამართული, როცა მთაში მცხოვრებ ჩვენს ხალხს ცხოვრებისა და განვითარების ყველა პირობა ექნება.
„სწორედ ამიტომ, სამეგრელო-ზემო სვანეთის 158 მაღალმთიანი სოფელი უკვე სარგებლობს სპეციალური სახელმწიფო შეღავათებით, რაც მნიშვნელოვანი დახმარებაა მაღალ მთაში მცხოვრები ადამიანებისთვის. ეს შეღავათები განაპირობა მთის კანონის მიღებამ, რამაც ახალი ჟანგბადი და ახალი სუნთქვის საშუალება მისცა მთიან რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს - ექიმებს, მასწავლებლებს, პენსიონრებს, იქ მოღვაწე საქმიანი წრეების წარმომადგენლებს და დამერწმუნეთ, ეს ნაბიჯი იყო უმნიშვნელოვანესი, რათა მთაში არა მხოლოდ დავამაგროთ იქ მყოფი მოსახლეობა, არამედ ბარში ჩამოსული ადამიანები დავუბრუნოთ მთას.
რაც შეეხება რეგიონში დევნილთა განსახლების საკითხს, 1340-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა ბინები, 870-ს კი - კერძო სახლები მიწის ნაკვეთით. ზუგდიდში შენდება 10 თორმეტსართულიანი კორპუსი 600 ოჯახისთვის, რომლებიც მალე საკუთარ ჭერქვეშ იცხოვრებენ.
მიმდინარეობს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია. ამ ისტორიული ბაღის აღდგენისა და განვითარებისთვის დაწყებული პროექტის ღირებულება 12 მილიონ ლარამდეა.
გასულ წელს გავხსენით მალთაყვას სანაპირო ზოლის ნაწილი. ამჟამად მშენებლობის მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც შემოდგომაზე დასრულდება. პროექტი გაგრძელდება და ის მთლიანი სანაპირო ზოლის კეთილმოწყობას ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ ფოთმა, საპორტო ქალაქთან ერთად, საკურორტო ქალაქის სტატუსიც შეიძინოს.
ზუგდიდსა და სენაკში, ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით, მიმდინარეობს თეატრების სრული რეაბილიტაცია“-განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმითვე, რეგიონში გრძელდება ძალიან მნიშვნელოვანი არქეოლოგიური და სარეაბილიტაციო პროექტები. ესენი გახლავთ: მასშტაბური პროექტი ნოქალაქევის კომპლექსში, ნიკო დადიანის სასახლის რეაბილიტაცია ზუგდიდში, ზემო სვანეთში კოშკებისა და მაჩუბების რეაბილიტაცია, სოფელ ჩაჟაშის რეაბილიტაცია.
„დარწმუნებული ვარ, ყველა ეს პროექტი ახალ სიცოცხლეს შესძენს რეგიონს და გააუმჯობესებს ჩვენი ხალხის ცხოვრების დონეს.
ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი მოსახლეობა კიდევ არაერთი საჭიროების წინაშე დგას. წინ ბევრად მეტი საქმე გვაქვს და ჩვენი ხალხისთვის ეს საქმეები ერთად უნდა ვაკეთოთ, ქვეყნისთვის უკეთესი მომავალი უნდა შევქმნათ.
მე დარწმუნებული ვარ, რომ პარტიის თითოეული წევრი მნიშვნელოვან როლს შეიტანს ამ აღმშენებლობის საქმეში. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არის, ამიტომ თანმიმდევრულად უნდა გადავდგათ ის ნაბიჯები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში კეთილდღეობას მოიტანს.
ჩვენ საგარეო-პოლიტიკურ ასპარეზზეც მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ. დღეს საქართველოს მოქალაქეებს აღარ სჭირდებათ ვიზა იმისთვის, რომ ევროკავშირში, შენგენის ზონის ქვეყნებში წავიდნენ სამოგზაუროდ. რა თქმა უნდა, ეს არის უპირველეს ყოვლისა ნდობა, საერთაშორისო ცივილიზებული სამყაროს მხრიდან, საქართველოს მიმართ, ჩვენი ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმებისადმი.
მე მოგახსენეთ, რომ ჩვენ ვაშენებთ სახლებს ჩვენი დევნილი მოსახლეობისთვის, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი ოცნებაა, ჩვენი ქვეყანა გავამთლიანოთ. არც ერთი კეთილმოწყობილი ბინა და არც ერთი ჭერი, რომელსაც ჩვენს დევნილ მოსახლეობას ვაძლევთ, არ შეიძლება იყოს იმ ფუძის, იმ კერის შემცვლელი და ალტერნატივა, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა დატოვეს. ჩვენი მთავარი მიზანი და სანუკვარი ოცნება გახლავთ ის, რომ ჩვენი ქვეყანა გავამთლიანოთ, დევნილები დავუბრუნოთ თავიანთ სახლ-კარს და დამერწმუნეთ, ეს არის შესაძლებელი იმ ნაბიჯებით, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეზე და პრაგმატულ, თანმიმდევრულ საგარეო პოლიტიკაზე გადის ის ვექტორი, რომელიც ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას აუცილებლად მოიტანს. ჩვენ ყველას არა მხოლოდ გვჯერა ამის, არამედ ჩვენ ვხედავთ ამ მომავალს და ამ მომავლის შენებაში თითოეული თქვენგანის როლი არის განსაკუთრებული.
კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით მოთმინებისთვის, ბრძოლისთვის, გვერდში დგომისთვის. ჩვენ წინ გვაქვს მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნები. ჩვენს პარტიას ეყოლება ღირსეული კანდიდატი. რა თქმა უნდა, იმის იმედი გვაქვს, რომ “ქართული ოცნება” კიდევ ერთხელ ღირსეულ სიტყვას იტყვის. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. მინდა ხაზი გავუსვა გუბერნატორის თავდაუზოგავ მუშაობას, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების მხრიდან, რა თქმა უნდა მაჟორიტარი დეპუტატების ძალიან აქტიური ჩართულობა არის მნიშვნელოვანი. ველა ჩვენგანის ერთად დგომის შედეგად, მხოლოდ და მხოლოდ ერთობით, კონსოლიდაციით მივიღებთ შედეგს. რა თქმა უნდა, შეცდომებისგან დაზღვეული არავინ არის და ერთი წამით არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ ჩვენ გადამეტებული სიამაყის გრძნობით ვესაუბრებით ჩვენს მოსახლეობას. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს შეცდომებიც, გვაქვს წარმატებებიც, მაგრამ მთავარია, რომ რომ იმ თანმიმდევრული გზით, სადაც წარმატებები გაცილებით უფრო სჭარბობს შეცდომებს, ჩვენ მივაღწევთ ერთიან, სანუკვარ შედეგს, რასაც ერთიანი, ძლიერი საქართველო ჰქვია, ჩვენს აფხაზ და ოს დებსა და ძმებთან ერთიანობა და წელგამართული თითოეული ქართული ოჯახი ჰქვია. სამეგრელომ ეს დაიმსახურა, მოთმინებით და რა თქმა უნდა, თავდაუზოგავი შრომით. ჩვენი ისტორიის ყველაზე სანუკვარი ტრადიციები შემონახულია ამ კუთხეში. ჩვენ ყოველთვის ვამაყობთ, როდესაც აქ ჩამოვდივართ. ჩვენ ვამაყობთ თითოეული თქვენგანის მიერ გაწეული ღვაწლით“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.