24-04-2018
„ 2016 წლამდე ჩვენი მთავარი, მაშინდელი ოპონენტი „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ იყო ერთგვარი საფრთხე ქართული დემოკრატიისთვის და სწორედ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს საფრთხე ქართული დემოკრატიისთვის მთლიანად იქნა განეიტრალებული“,- ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში, რეგიონულ კონფერენციაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების საქმიანობის მნიშვნელობაზე გამაახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ სწორედ მათი დამსახურებით აგრძელებს ჩვენი ქვეყანა წინსვლას სხვადასხვა მიმართულებით. სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ მთავარ მიღწევებზე ისაუბრა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ მთავარი მიღწევების შენარჩუნება და კიდევ უფრო განმტკიცება რომელიც გვაქვს 2012 წილს შემდეგ. ეს არის პირველ რიგში რა თქმა უნდა დემოკრატია,თავისუფლება,ადამიანის უფლებების დაცვა,ეს არის ის მიღწევები რომელთა შესანარჩუნებლად და კიდევ უფრო განსამტკიცებლად ძალიან ბევრი რამ კეთდება ჩვენს ქვეყანაში.ასევე თქვენი დამსახურებით ჩვენ ვახერხებთ,ეკონომიკურ წინსვლას,ჩვენი ეკონომიკის განვითარებას და ზუსტად „ქართული ოცნების“ გააზრებული პოლიტიკის შედეგია ის, რომ საქართველოს გასულ წელს ქონდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მთელი ევროპის მასშტაბით და რა თქმა უნდა ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი,პრიორიტეტი რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ყურადღება მიქცეული იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქების ცხოვრების პირობები სულ უფრო გაუმჯობესდეს. ასევე, თქვენი დამსახურებით „ქართული ოცნების“ გააზრებული პოლიტიკის შედეგად, ჩვენ ვახერხებთ სტაბილურობისა და უსაფრთხოების მაღალი ხარისხის შენარჩუნებას ჩვენს ქვეყანაში, იმ ძალიან რთულ რეგიონულ გარემოში რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს გარშემო”,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, გაძლიერდა პარტიის ცენტრალური რგოლი და ადგილობრივი ორგანიზაციები, რამაც 2016 წლის არჩევნებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ირაკლი კობახიძის შეფასებით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები პრინციპული და საეტაპო მნიშვნელობის არჩევნები იყო.
„ჩვენ გვქონდა ორი წლის წინ ამავე ფორმატში, კონფერენციის ფორმატში, თქვენთან საუბრის საშუალება. იმაზე საუბრის საშუალება, თუ როგორი იყო ჩვენი გეგმები პარტიის განვითარებასთან დაკავშირებით და კონკრეტულად მაშინ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. დღეს, ორი წლის თავზე, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ის დაპირებები, რომელიც მაშინ გავეცით ჩვენი პარტიის წინაშე, პარტიის წევრების, პარტიის აქტივისტების წინაშე, პირნათლად არის შესრულებული. ჩვენ მაშინ ვამბობდით იმას, რომ საჭირო იყო პარტიის ცენტრალური რგოლის გაძლიერება. ასევე, საჭირო იყო, განსაკუთრებით, პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების გაძლიერება და ეს მიზანი სათანადოდ იქნა შესრულებული, რამაც ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენს საარჩევნო წარმატებაში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ასევე, ჩვენ ვსაუბრობდით გუნდის განახლების მნიშვნელობაზე და ესეც იყო მიღწეული ამოცანა, რამაც ჩვენ მოგვახერხებინა 2016 წელს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატების მოპოვება. ჩვენ კარგად დავგეგმეთ თქვენთან ერთად წინა საარჩევნო კამპანია. ჩავატარეთ წარმატებით ეს წინა საარჩევნო კამპანია და ამ წარმატებული კამპანიის შედეგად და, რაც მთავარია, ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერის შედეგად ჩვენ შევძელით ძალიან დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ეს იყო ჩვენთვის საკვანძო და პრინციპული მნიშვნელობის, საეტაპო მნიშვნელობის არჩევნები, თქვენ გახსოვთ, რომ 2016 წლამდე ჩვენი მთავარი, მაშინდელი ოპონენტი „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ იყო ერთგვარი საფრთხე ქართული დემოკრატიისთვის და სწორედ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს საფრთხე ქართული დემოკრატიისთვის მთლიანად იქნდა განეიტრალებული, რაც არის,რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანის დამსახურება”,- განაცხადა პარტიის აღმასრულებებლმა მდივანა.
ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველმა გუნდმა დიდ წარმატებას მიაღწია 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რაც, მისივე შეფასებით, თითოეული მხარდამჭერის დამსახურებაა. პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ერთად დგომით, მმართველი გუნდი წარმატებას მიაღწევს საპრეზიდენტო არჩევნებშიც.
„ ჩვენ დიდი წარმატებით მოვიგეთ არჩევნები ყველა მუნიციპალიტეტში როგორც მერის ასევე საკრებულოს არჩევნები და ესეც არის, რა თქმა უნდა, თითოეული თქვენგანის დამსახურება. კიდევ ერთხელ გავიხსენებ, რომ იყო გაცემული კონკრეტული დაპირებები პარტიის წევრთა წინაშე და 2 წლის თავზე, დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს დაპირებები პირნათლად იქნა შესრულებეული. ჩვენ ახლა წინ გველის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, საპრეზიდენტო არჩევნები და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთად დგომის საფუძველზე ამ არჩევნებშიც ძალინ დიდ წარმატებას მივაღწევთ. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პირველივე ტურში ამ არჩევნების მოგება და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთან ერთად ეს შედეგი აუცილებლად იქნება მიღწეული”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარტიის განვითარებისა და სამომავლო გეგმებზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ შემდგომ რეფორმებსა და გაძლიერებას საჭიროებს. ამისთვის კი, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, პარტიული რეფორმების მეორე ტალღა დაიგეგმება.
„ ჩვენი პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“ საჭიროებს შემდგომ რეფორმებს, შემდგომ განვითარებას და გაძლიერებას. ამისათვის დაიგეგმება მეორე ტალღა პარტიული რეფორმების, რომელიც განხორციელდება საპრეზიდენტო არჩევნებიდან საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდში, ჩვენ გვექნება დაახლოებით ორი წელიწადი იმისათვის, რომ ვიზრუნოთ ჩვენი პარტიის განვითარებაზე და ამ ყველაფრის შედეგად, მეორე ტალღის რეფორმების შედეგად საბოლოოდ უნდა ჩამოვაყალიბოთ ევროპული ტიპის პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც აქტიურია არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდში, არამედ, რომელიც არის ჩართული პოლიტიკური პროცესების დაგეგმვასა და წარმართვაში არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდშიც”,- განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და დამსწრეებს მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ წარმატებებთან ერთად, ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი გამოწვევებიც. მისი შეფასებით, ქართული ეკონომიკა შემდგომ გაძლიერებას საჭიროებს, ასევე, მისაღწევია ჩვენი ქვეყნის მთავარი საგარეო პოლიტიკური ამოცანები. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შრომისა და ერთად დგომის საფუძველზე, ყველა მიზანი აუცილებლად იქნება მიღწეული.
„წარმატებებზე საუბარი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამავდროულად, ჩვენ არ გვავიწყდება რომ ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. ქართული ეკონომიკა, რა თქმა უნდა, საჭიროებს შემდგომ გაძლიერებას. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების პირობებთან. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მაღალია სიღარიბის მაჩვენებელი საქართველოში და კიდევ რამდენიმე წელიწადი დაგვჭირდება იმისათვის, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებშიც კი ჩვენ საბოლოოდ აღმოვფხვრათ სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში. ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანის განსაკუთრებული ძალისხმევა.ასევე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური ამოცანების მიღწევა. ეს ამოცანები ჯერ კიდევ მისაღწევია და ესეც საჭიროებს, ბუნებრივია, ჩვენს ყოველდღიურ მუშაობას და ყოველდღიურ ბრძოლას.
ყველაფერს, თითოეული ამ მიზნის მიღწევას სჭირდება, რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანის მუხლჩაუხრელი შრომა, ჩვენი ერთად დგომა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთად დგომის პირობებში ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ყველა დასახულ მიზანს”,- განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა.