23-11-2017
ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან ნებართვის არ ქონის მიუხედავად ქუთაისში მცხოვრებმა, სერგო რობაქიძემ აივანი მაინც მიაშენა.
სერგო რობაქიძეს საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე აივნის მიშენებას, მისივე მეზობელი, დავით ბერაძე ეწინააღმდეგება, რაზეც მან ქუთაისის მერიის ზედამხედველობის განყოფილებაში საჩივარი მეორედ შეიტანა. მომჩივანი მეზობელი ამბობს, რომ მის საცხოვრებელ სახლთან ახლოს მდებარე კორპუსზე აივნის მიშენება მას პრობლემას შეუქმნის.
"დაშორების სტანდარტი ჩემს სახლსა და აღნიშნულ კორპუსს შორის დარღვეულია. მე რომ მომინდეს კანონის ფარგლებში ჩამს სახლში რაიმე მშენებლობის განხორციელება ვიზღუდები მიშენებული აივნის გამო", - ამბობს დავით ბერაძე.
ქუთაისის მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ზედამხედველობის სამსახურმა სერგო რობაქიძეს გაფრთხილება უკვე მისცა, თუმცა ჯერ ათდღიანი ვადა ამოწურული არ არის. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში რობაქიძე 3 000 ლარით დაჯარიმდება.
მიმდინარე წლის თებერვალში, ბინის მეპატრონემ აივნის მიშენება თვითნებურად გადაწყვიტა, რის გამოც, მას მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან გაფრთხილების წერილი გაუგზავნეს. ადგილობრივმა თვითმმართველობამ კი, უნებართვო მშენებლობისთვის დემონტაჟის განსახორციელებლად 10 დღიანი ვადა მისცა. თუკი მეპატრონე ამ ხნის განმავლობაში აივნის დემონტაჟს არ მოახდენდა, ის 3 000 ლარით დაჯარიმდებოდა. თუმცა, უნებართვო მიშენების დემონტაჟისგან მაინც არ თავისუფლდებოდა. ამ წერილის საფუძველზე სერგო რობაქიძეს მიშენების დემონტაჟი დაევალა, რაც მან მიმდინარე წლის მარტის თვეში განახორციელა, თუმცა მშენებლობა ისევ განაახლა.
წყარო: "ქუთაისიპოსტი"