25-04-2018
დღეიდან ფოთში, იმ მოვაჭრეების მიმართ, რომლებიც საკუთარი მაღაზიების წინ განთავსებულ დახლებს არ აიღებენ, საჯარიმო სანქციები ამოქმედდება. ქალაქის საკრებულოსა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები აგრარულ ბაზარში გუშინ იმყოფებოდნენ და მოვაჭრეებს აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდეს, რასაც ხმაური მოჰყვა.
ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, ბაზრის შიდა გზებზე გადადგილება შუძლებელია. მათივე თქმით, უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით აუცილებელია მოვაჭრეებმა თვითნებურად გაკეთებული დახლები დაშლონ და საქონლის რეალიზაცია მხოლოდ საკუთარ სავაჭრო ფართებში განახორციელონ.
„ბაზრის შიდა ტერიტორიაზე მაღაზიების წინ არის გამოტანილი დახლები, რომელიც ხელს უშლის გადადგილებას. სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან არის რეკომენდაცია, რომ ყველამ საკუთარი საზღვარი დაიცვას, რათა საჭიროების შემთხვევაში სახანძროს მანქანამ და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თავისუფლად შეძლოს გადაადგილება. იმ მოვაჭრეებს, რომლებსაც საკუთარი ფართი არ აქვთ, ჩვენ ალტერნატიულ ფართს შევთავაზებთ. ყველაფერი უსაფროებისა და სანიტარული ნორმების დაცვის მიზნით კეთდება“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ საკრებულოს სივრცითი ტერიტორიის დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძემ.
მოვაჭრეების განცხადებით კი, უმჯობესია ხელისუფლება სხვა მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებით დაკავდეს. „წვიმის დროს აქ საშინელი მდგომარეობაა, საკანალიზაციო სისტემა მოუწესრიგებელია. არაერთხელ მივმართეთ მერიას, მაგრამ უშედეგოდ. ბაზარში მაწანწალა ძაღლებმა ადამიანები დაკბინეს. ინფორმაცია მივაწოდეთ მუნიციპალიტეტს, მაგრამ ამ დრომდე რეაგირება არ მოჰყოლია. ახლა თურმე ჩვენს მიმართ სანქციების ამოქმედებას გეგმავენ, რასაც ვაპროტესტებთ. უმჯობესია სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებით დაკავდნენ. თავად მერი უნდა შემოვიდეს აქ და ყველა ადამინის გასაჭირს გაეცნოს“ - განაცხადა მოვაჭრე რუსიკო რუხაძემ.
"ინტერპრესნიუსი"