გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თეა წულუკიანის ოზურგეთში სამუშაო ვიზიტის შედეგად შრომისა და ნაგომარის კულტურის სახლების აღდგენა გადაწყდა

22-10-2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სამუშაო ვიზიტით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. მინისტრმა მუნიციპალიტეტის სამ სოფელში, ნაგომარში, შრომასა და გურიანთაში მძიმე მდგომარეობაში მყოფი კულტურის სახლები მოინახულა, ასევე ვაშნარის ნაქალაქარის მდგომარეობას გაეცნო ადგილზე. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მოცემული ადგილები მინისტრთან ერთად დაათვალიერეს სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ურუშაძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ, ზუგდიდის მერობის კანდიდატმა პარტია „ქართული ოცნებიდან" ავთანდილ თალაკვაძემ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა და არქიტექტორ-რესტავრატორმა ტარიელ კიპაროიძემ.



თეა წულუკიანმა ხაზი გაუსვა რეგიონებში კულტურის სახლების არსებობისა და ფუნქციონირების მნიშვნელობას. მინისტრმა კულტურის სფეროს გამოწვევებზე, კულტურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, ახალგაზრდების კიდევ უფრო მეტად დაინტერესებასა და ჩართულობაზე ისაუბრა. შეხვედრებზე განხილული იყო კულტურის სახლების აღდგენის შესაძლებლობა და აღინიშნა, რომ ისინი მულტიფუნქციურ ცენტრებად უნდა ჩამოყალიბდნენ და რაიონში ახალგაზრდების სახელოვნებო განათლებას შეუწყონ ხელი. თეა წულუკიანმა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების თანამშრომლობაზე გააკეთა აქცენტი და სოფლების შრომისა და ნაგომარის კულტურის სახლების აღდგენის საქმეში მუნიციპალიტეტს სამინისტროს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.


ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ ოზურგეთს აქვს ისეთი უმნიშვნელოვანესი ციხე-ქალაქი, როგორიც არის ასკანა, რომელიც არის თავისუფლების სიმბოლო არა მხოლოდ ოზურგეთის, არამედ მთელი საქართველოსთვის. თეა წულუკიანის თქმით, კულტურის სამინისტრომ დაიწყო მუშაობა იმაზე, რომ მოხდეს ასკანის ციხის კონსერვაცია-რეაბილიტაცია, რათა იგი გახდეს ერთ-ერთი ყველაზე საამაყო და მიმზიდველი ადგილი არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ უცხოელი ტურისტებისთვისაც.


ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ვიზიტისას თეა წულუკიანმა ასევე ვაშნარის ნაქალაქარი მოინახულა. 1949 წელს არქეოლოგიური გათხრების დროს აქ გამოვლინდა საფორტიფიკაციო ნაგებობა და მარტირიუმი, მოწამის საფლავზე აგებული ქრისტიანული საკულტო შენობა. ვაშნარის ციხე-ქალაქის მშენებლობისა და ფუნქციონირების პერიოდი ისტორიკოს-მკვლევართა მიერ IV-VII საუკუნეებით თარიღდება.


კულტურის მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, გაზაფხულიდან ნაქალაქარში მასშტაბური არქეოლოგიური გათხრები ჩატარდეს და გამოკვლეულ იქნეს ვაშნარის ჯერ კიდევ ბოლომდე უცნობი და ისტორიით მდიდარი წარსული.