„შეთანხმების თანახმად ,1-ლი მაისიდან ქარხანაში სარემონტო სამუშაოები დაიწყება და ისინი, ვინც აღნიშნულ საქმეზე დაკავდებიან, ხელფასს სრული ოდენობით მიიღებენ. დანარჩენი თანამშრომლები ქარხნის სრულ დატვირთვამდე, რასაც შესაძლოა ერთი თვე დასჭირდეს, ავანსის სახით ნახევარი თვის კომპენსაციას აიღებენ“, - განაცხადეს პროფკავშირებში.
მათივე ცნობით, 31 დეკემბრამდე ქარხნის მეპატრონემ საწარმოს შეუჩერებლად მუშაობის გრძელვადიანი პროექტი უნდა წარადგინოს.
„აგარის შაქრის“ ქარხანა ექვს თვეზე მეტია გაჩერებულია. ქარხნის მფლობელების განცხადებით, მათ მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, უცხოურ დაბალხარისხიან პროდუქციას ფასების გამო კონკურენციას ვერ უწევს, რის გამოც წარმოება შეაჩერეს. „აგარის შაქრის“ 500-მდე თანამშრომელი ქარხნის ამუშავებას ითხოვდა. მათი თქმით, აგარის მოსახლეობის დიდი ნაწილი აღნიშნულ ქარხანაში იყო დასაქმებული, საწარმოს მუშაობის გაჩერების შემდეგ კი ისინი უკიდურესად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
შაქრის წარმოების განახლების მოთხოვნით, „აგარის შაქრის“ თანამშრომლები აგარიდან თბილისამდე ფეხით ჩავიდნენ და კანცელარიის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქცია მას შემდეგ შეწყდა, რაც ბიზნესომბუდსმენისგან მიიღეს დაპირება, რომ ქარხანა ამუშავდება.