გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ნათია თურნავამ „რუსთავის აზოტის" თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა კოვიდ-პანდემიის პერიოდში სამედიცინო ჟანგბადით საავადმყოფოების მომარაგებისთვის

29-10-2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს სს „რუსთავის აზოტს" ესტუმრა. საწარმოში ვიზიტის ფარგლებში ნათია თურნავა საწარმოს თანამშრომლებს შეხვდა და გაესაუბრა, მინისტრმა მათ მადლობა გადაუხადა კოვიდ-პანდემიის პერიოდში გამოჩენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის - აღსანიშნავია, რომ „რუსთავის აზოტი" ერთ-ერთია იმ რამდენიმე საწარმოს შორის, რომლებმაც საქართველოში სამედიცინო ჟანგბადის წარმოება დაიწყეს და ამგვარად უზრუნველყვეს სამედიცინო სექტორი და შესაბამისად, მოსახლეობა დაავადებასთან ბრძოლისას ამ აუცილებელი კომპონენტით. კოვიდ-პანდემიის პერიოდში აქტიური თანამშრომლობისთვის ეკონომიკის მინისტრმა ქარხნის თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა.


„რუსთავის აზოტი", რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიკატების მწარმოებელი უმსხვილესი საწარმოა, თანამშრომელთა 99 პროცენტი ადგილობრივი მცხოვრებია. როგორც ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრისას აღინიშნა, საწარმოს ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს დასაქმებულთა სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად. პირველ რიგში, ეს შეეხება სახელფასო ფონდს, რომელიც მიმდინარე წელს საშუალოდ 25 პროცენტით გაიზარდა.


ნათია თურნავამ ქარხნის ერთ-ერთი ცენტრალური გვარჯილის საამქროც დაათვალიერა, სადაც ბოლო პერიოდში ასევე მოხდა გადაიარაღება და შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დასაქმებულთა შრომის პირობები. „დამონტაჟდა ავტომატური ჩამტვირთველი, რომელიც ანაცვლებს მძიმე მექანიკურ შრომას და ადამიანებს აღარ უწევთ დატვირთული ტომრების ზიდვა და ამას აკეთებს ავტომატიკა. მსგავსი გაუმჯობესებები მიმდინარეობს მთელ საწარმოში", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.


ამასთან, როგორც ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, მნიშვნელოვანია, რომ საწარმო ეკოლოგიურად სულ უფრო სუფთა ხდება - გერმანიის მთვარობის პროგრამის ფარგლებში მონტაჟდება ახალი ფილტრები, ახალი კატალიზატორები.


„ახალი კატალიზატორები მინიმუმამდე დაიყვანს, პრაქტიკულად, გაანულებს ატმოსფეროში მავნე გაფრქვევას და ეს საწარმო იქნება არამხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს ეკონომიკაში - ერთ-ერთი ყველაზე დიდი ექსპორტიორი და შემომტანი ეკონომიკური ზრდის სტატისტიკაში, არამედ ერთ-ერთი ყველაზე ეკო-მეგობრული საწარმოც", - აღნიშნა ნათია თურნავამ.