26-04-2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ფაროსანასთან ბრძოლისთვის გადაცემული სპეციალური ტექნიკის ნაწილი, რომელიც საწყობში ინახებოდა, გაქურდეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ზურაბ ლიპარტიას ინფორმაციით, 5 მანქანიდან აკუმულატორები ამოიღეს.
„თერმო ნისლის მანქანებიდან ამოღებულია აკუმულატორები, თუმცა ტექნიკა უკვე მწყობრშია, რომ დაგეგმილი ღონისძიებები განხორციელდეს. ასევე, თუ საჭირო გახდა, დამატებითაც გადაეცემა მუნიციპალიტეტს შესაბამისი ტექნიკა“, - აღნიშნა ლიპარტიამ.
„ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, სპეციალური ტექნიკა საწყობში იყო განთავსებული.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტს 10 ერთეული სპეციალური ტექნიკა გუშინ გადაეცა, აქედან 5 თერმული ნისლის, 3 ცივი ნისლის დანადგარი და 2 ტრაქტორი მასივების შესაწამლად.
"ინტერპრესნიუსი"