გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

RMG-ის საქმიანობით გარემოსთვის მიყენებული ზიანის შესასწავლად სამუშაო ჯგუფი იქმნება

27-04-2018

კომპანია RMG-ის საქმიანობის შედეგად, ბოლნისის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოსთვის მიყენებული ზიანის შესწავლის მიზნით, პარლამენტში სპეციალური სამუშაო ჯგუფი იქმნება. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „ინტერპერსნიუსთან“ განაცხადა, რომ სამუშაო ჯგუფი საქმიანობას მომავალი კვირიდან შეუდგება.

„28 მარტს, კომიტეტის სხდომაზე, სადაც მოსული იყო მინისტრი და RMG-ის საქმიანობასთან დაკავშირებით მოხსენება გააკეთა, ვთქვი, რომ შევქმნიდით სამუშაო ჯგუფს, რომელიც კომიტეტის ფარგლებში ამ საკითხის შესწავლაზე იმუშავებდა. არსებობს ძალიან ბევრი კვლევა, არის სამინისტროს მიერ შედგენილი სამუშაო გეგმა - ვალდებულებები, რომელიც RMG-მ უნდა შეასრულოს. დეტალურად შევისწავლით, რეალურად რა ზიანზეა საუბარი, რა სახის კვლევები არსებობს, რამდენად შესრულებადია სამინისტროს მიერ გაკეთებული გეგმა - საჭიროა ვაკონტროლოთ RMG-ის მიერ ამ გეგმის შესრულება. არის ბევრი საკითხი, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა და მათ უნდა გაეცეს პასუხი“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფში 15 ადამიანი იმუშავებს. ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც უმრავლესობის, ასევე საპარლამენტო ოპოზიიციის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კომპანია RMG-ს მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე 28 მარტს ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, ქვემო ქართლის რეგიონში მწვავედ დგას RMG-ის საქმიანობის შედეგად წყლის დაბინძურების საკითხი. მისივე თქმით, კომპანიას დაევალა, რომ მდინარე კაზრეთულას დაბინძურების ფაქტები 9 თვეში, 2018 წლის 31 დეკემბრამდე აღკვეთოს, ხოლო მდინარეების ფოლადაურისა და მაშავერას დაბინძურება 2020 წლის 31 მარტამდე.

კომპანია RMG ბოლნისის მუნიციპალიტეტში სამთომოპოვებით სამუშაოებს ახორციელებს. 2017 წლის ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამთომოპოვებითი საქმიანობის შედეგად დაბინძურების არეალი და მასშტაბები საგანგაშო მდგომარეობამდეა გაზრდილი. დაბინძურებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთელი ტერიტორია და დმანისის მუნიციპალიტეტის დიდი ნაწილი.

 

reginfo.ge