გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

შსს- მამაკაცები, რომლებიც კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე დაშავდნენ, სოკოს აგროვებდნენ

30-04-2018

ორი მამაკაცი, რომელიც კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე ჭურვის აფეთქების შედეგად დაშავდა, დაცულ ტერიტორიაზე სოკოს აგროვებდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ყაყიჩაშვილმა განაცხადა.

ყაყიჩაშვილის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აფეთქების დროს მიმდინარეობდა წვრთნები და დაშავებულები იყვნენ პოლიციელები, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ფაქტის შედეგად დაშავებული ორივე მოქალაქე სამედიცინო დაწესებულება „ნიუ ჰოსპტალში“ იმყოფება და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთაგან ერთ-ერთს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. არც ერთი დაშავებული პოლიციელი არ არის, ისინი სამოქალაქო პირები არიან. მათ ფეხისა და მუცლის არეში აღენიშნებათ დაზიანებები.

რაც შეეხება თავად ფაქტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების ცენტრის პოლიგონის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი მოქალაქე სოკოს შესაგროვებლად იმყოფებოდა, როგორც ეს თავად აღნიშნეს. შეგროვების დროს მათ მეტალის ნივთი იპოვეს, რომელიც ერთ-ერთმა მათგანმა მოისროლა, რის შედეგადაც აღნიშნული ნივთი აფეთქდა. ტერიტორია არის დაცული, განთავსებულია ბანერები, სადაც მითითებულია, რომ იქ შესვლა აკრძალულია“, - განაცხადა გიორგი ყაყიჩაშვილმა.

29 აპრილს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს პოლიგონზე მომხდარი აფეთქების შედეგად ორი მოქალაქე, 1994 წელს დაბადებული ე.მ. და 1987 წელს დაბადებული ი.გ. დაშავდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

reginfo.ge